ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ერთი პატარა სახლი დგას. ოჯახის ყველაზე პატარა წევრი 11 წლის საბაა. უკვე ერთი წელია მასზე მშობლების ნაცვლად 70 წლამდე გულით ავადმყოფი პაპა და 16 წლის ძმა ზრუნავენ...
ბერიაშვილების ტრაგედია ექვსი წლის წინ დაიწყო, როცა უკრაინაში სამუშაოდ წასული ბიჭების მამა მოულოდნელად გარდაიცვალა. შვილის გარდაცვალებას გადაჰყვა ბავშვების ბებიაც. ზუსტად ერთი წლის წინ კი დასავლეთში ავტომობილით მიმავალ ბიჭების დედას თურქული ტრაილერი შეეჯახა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა...
ნოდარ ბერიაშვილი, ბავშვების პაპა: - გურჯაანის რაიონის სოფელ მუკუზანში დავიბადე. 25 წლის წინ ოჯახთან ერთად თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად. მთელი ცხოვრება დიდ სატვირთოზე ვმუშაობდი და სულ თბილისი-მოსკოვის გზაზე ვიყავი. მეუღლე და ორი შვილი მყავდა. ეს ოჯახური იდილია ექვსი წლის წინ თავდაყირა დადგა... რამდენიმე წლის წინ უფროსი ბიჭი უკრაინაში წავიდა სამუშაოდ. იქიდან ავტომობილებს გზავნიდა და აქ ყიდდა. ჯანმრთელი იყო, მაგრამ მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა. ნერვიულობისგან გულის პრობლემები შემექმნა, ჩემს მეუღლეს კი სიმსივნე გაუჩნდა და გიას გარდაცვალებიდან სამ წელში ისიც გამომეცალა ხელიდან.
ნოდარი, შვილიშვილი: - სკოლაში ვიყავი, მეგობრები მოვიდნენ და მითხრეს, სახლში უნდა წახვიდეო... არ ვიცი რატომ, მაგრამ მაშინვე მივხვდი, რომ მამა ცოცხალი აღარ იყო. მამას გარდაცვალების შემდეგ დედა ცდილობდა ჩვენთვის არაფერი მოეკლო. დინამოსთან პატარა მაღაზია იქირავა და იქ ტელეფონის აქსესუარებს ყიდდა. ზუსტად ერთი წლის წინ, 2 ივლისს, დედა მეგობართან ერთად დასავლეთში ნათესავებთან მიდიოდა. ავტომობილს თურქული ტრაილერი შეეჯახა. დედა ადგილზე გარდაიცვალა, მისი მეგობარი გადარჩა... რამდენიმე დღით ადრე ცუდი სიზმარი ვნახე, ვუთხარი კიდეც დედას, მაგრამ დამამშვიდა, არაფერი მომივაო. ზუსტად იმ დღეებში დეიდაჩემმაც ცუდი სიზმარი ნახა...
ვიცოდი, დედა დასავლეთში მიდიოდა... რომ არ დამირეკა, გამიკვირდა. ჩემი მეგობარი მოვიდა და მითხრა, დედაშენი ავარიაში მოყვა და ცუდად არისო. თუ ცოცხალი აღარ არის, პირდაპირ მითხარი, ვიდრე ცოცხალი მეგონოს და მისი გადარჩენის მჯეროდეს-მეთქი, ვუთხარი... ხმა აღარ ამოუღია. მივხვდი, დედაც აღარ იყო... ძნელია ცხოვრება მათ გარეშე.
მასალა ვრცლად იხილეთ ბმულზე: "კვირის პალიტრა"
მასალის გამოყენების პირობები






