ბილეთების შეძენის პროცესი დილიდან ხმაურის და მცირე დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობს, თუმცა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ურიგოდ უშვებენ.
გულშემატკივრების რიგი ორად არის გაყოფილი, ერთ მხარეს დგანან ის ადამიანები, რომლებიც ვაკის პარკში პარასკევიდან მორიგეობენ და სპეციალური სიებით დგანან რიგში, მეორე მხარეს კი ის ადამინები, რომლებიც ცოცხალ რიგში ჩასადგომად დღეს მივიდნენ.
ვაკის პარკში დამონტაჟებულ სპეციალურ ეკრანზე გულშემატკივარი დარჩენილი ბილეთების რაოდენობას ნახულობს.
ამ დროისთვის პირველი კატეგორიის, 75 ლარიანი 152 ბილეთია დარჩენილი, მეორე კატეგორიის 35 ლარიანი 10 ათას 37 ბილეთი და მესამე კატეგორიის 18 ლარიანი 10 ათას 435 ბილეთი დარჩა.
დღეს მისული გულშემატკივრები აპროტესტებენ ადგილზე არსებულ სიტუაციას და აცხადებენ, რომ უსამართლობაა იმ ადამიანების გაყვანა ბილეთების ასაღებად, რომლებმაც რამდენიმე დღით ადრე სპეციალური სიები შეადგინეს.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, კრიმინალური პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
როგორც ცნობილია ორმა მამაკაცმა გონება დაკარგა და მათ ექიმებმა დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. ამ წუთებში უსაფრთხოების მიზნით მათი რაოდენობა გაიზარდა. ვაკის პარკში მორიგეობენ სასწრაფო დახმარების ბრიგადებიც.
მასალის გამოყენების პირობები






