სპორტულ კომპლექსი „ახალ თბილისი“ საზეიმოდ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და „თბილისი 2015" - ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ გახსნეს.
კომპლექსი ოთხ სპორტულ ობიექტს ერთიანებს, ესენია: საცურაო აუზი, ტანვარჯიშის არენა, ფრენბურთის ორი დარბაზი და მძლეოსნობის ახალი სტადიონი. თითოეული არენა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.
ტერიტორიაზე მდებარეობს სასტუმრო, რომელიც ქართველ თუ უცხოელ სპორტსმენებს საშუალებას აძლევს, შეკრებები მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში გაიარონ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, სულ მალე თბილისი ევროპის 50-მდე ქვეყნის 4000-მდე სპორტსმენს უმასპინძლებს და ოლიმპიადის პერიოდში იქცევა სპორტის ევროპულ დედაქალაქად.
„ჩვენს ქვეყანაში ეს არის პირველი სპორტული კომპლექსი, რომელიც რამდენიმე არენას აერთიანებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთ სივრცეში მოქცეული სპორტული არენები ქართველ და უცხოელ სპორტსმენებს მისცემს სრულფასოვანი მზადების საშუალებას და არაჩვეულებრივ შესაძლებლობას, რომ განთავსდნენ, ივარჯიშონ და განიტვირთონ კომპლექსიდან გაუსვლელად. „ახალი თბილისის“ სპორტული კომპლექსი სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და მაქსიმალურ კომფორტს უქმნის როგორც „თბილისი 2015-ის“ მონაწილეებს, ისე იმ სპორტსმენებს, რომლებიც მომავალში თბილისში გაივლიან შეკრებებს,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






