„ნიუპოსტი“ კუდავას წერილს უცვლელად გთავაზობთ:
„ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ღია წერილით მომართვა მომიწევდა. ვერც იმას, რომ ჩემთვის „ბატონი“ და „თქვენ“ გახდებოდით, თუმცა რა გაეწყობა, ფორმა, რომ ჩვენს შორის უშუალო კომუნიკაცია არ შედგეს, თქვენ აირჩიეთ და მეც მივიღე, ისევე როგორც ბევრი სხვა მოცემულობა.
უამრავი რამ მაქვს სათქმელი, მაგრამ ღია წერილში, რომელსაც პირველად გწერთ და ალბათ უკანასკნელად, მხოლოდ ერთ, „უმნიშვნელო“ საკითხს შევეხები.
ეს საკითხია „ბუბა კუდავას დირექტორობის ვადა გაუვიდა“.
სულ ახლახან თქვენ „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში განაცხადეთ, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წესდების თანახმად, დირექტორს ირჩევენ 4 წლის ვადით მხოლოდ ორჯერო. ანუ 8 წელი გამოდის და ბუბა კუდავა კი 9 წელი იყო დირექტორიო. შეაბამისად, მის მოხსნაზე და მით უფრო, მის გაგდებაზე ყოველგვარი ლაპარაკი ზედმეტიაო.
ბევრჯერ ვისაუბრე ამ თემაზე, მაგრამ ვინაიდან აღარ დასრულდა არასწორი ინფორმაციის ტირაჟირება, სურვილი გამიჩნდა კიდევ ერთხელ განვმარტო.
არა, ბატონო ზაზა, გეშლებათ, რბილად რომ ვთქვათ. გეშლებათ როგორც არითმეტიკაში, ისე ქრონოლოგიაში.
მაშ, მივყვეთ თანმიმდევრობით:
დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად 2006 წლის მაისში დავინიშნე, წინა დირექტორის – ბატონი ზაზა ალექსიძის რეკომენდაციითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით. დანიშვნის ბრძანებას მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი აწერდა ხელს.
ამას მოსდევდა გარდამავალი სარეფორმო პერიოდი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წესდების დამტკიცების ხანგრძლივი პროცესი და მეცნიერ-თანამშრომელთა მიერ სამეცნიერო საბჭოს არჩევა.
2008 წლის აგვისტოში სამეცნიერო საბჭომ დირექტორად ამირჩია – მართალი ბრაძანდებით, 4 წლით და მართალი ბრძანდებით, არჩევის უფლება საბჭოს მხოლოდ ორჯერ ჰქონდა. ანუ გამოდის, რომ ყველაფერი იმ წესდების მიხედვით რომ წარმართულიყო, რომელიც თქვენ ეთერში ახსენეთ, მე შესაძლებლობა მქონდა 2012 წელს კიდევ ერთი ვადით დამეკავა დირექტორის თანამდებობა და 2016 წლის აგვისტომდე მეხელმძღვანელა ცენტრისთვის. მარტივი არითმეტიკით ასე გამოდის, არა?
დიახ, ასეა, თუმცა 2011 წელს, ისე, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა სამეცნიერო საზოგადოებამ, მეცნიერების შესახებ კანონი შეიცვალა და გაჩნდა ჩანაწერი, რომ დირექტორს ნიშნავს და ათავისუფლებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით.
ამის შემდეგ რაღა ვადაზეა საუბარი და რა ვადის გასვლაზე? ვადა კანონმა გააუქმა. მინისტრს როცა სურდა, მაშინ გამათავისუფლებდა და ახალს დანიშნავდა.
რატომ არავის გახსენებია ვადა 2012, 2013 და 2014 წლებში? პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ ვადას კანონი აღარ ითვალისწინებდა და იმიტომ, რომ ბუბა კუდავას მოშორების გეგმა მხოლოდ 2015 წლის დასაწყისიდან ამოქმედდა.
მართლაც, ამ წლის თებერვალში თამარ სანიკიძემ მოვალეობის შემსრულებლად გადამიყვანა. აი, „მოვალეობის შემსრულებლის“ ვადა კი მართლაც მალე, 3 თვეში, მაისში იწურებოდა და სწორედ ამ დროისთვის დაიგეგმა ახალი ხელმძღვანელის დანიშვნა.
ეს ყველაფერი, ზაზა ბატონო, პატარა ბავშვისთვისაც ნათელია. ჩემთვისაც მაშინვე ცხადი გახდა სამინისტროს სცენარი და ამიტომ ზამთარშივე პირდაპირ ვკითხე მინისტრს – ჩემთან დაკავშირებით თუ სხვა გეგმები გაქვთ, პირდაპირ მითხარით-მეთქი. არა, არაფერიო – მიპასუხა, მას ხომ არ შეუძლია ღია და გულწრფელი პოლიტიკის გატარება. მინისტრს პირდაპირ აძლევდა კანონი უფლებას გავეთავისუფლებინე, თუმცა არა, ჯერ ყველაფერი წინ იყო – ჯერ აუდიტის სამსახურს უცილობლად „დარღვევები“ უნდა დაედო, მერე ცვლილება კონკურსით უნდა შენიღბულიყო და თუკი კუდავა „გაჭირვეულდებოდა“, მაშინ პროკურატურით უნდა დამუქრებოდნენ.
ვინ-ვინ, ზაზა ბატონო და თქვენ და მე, ისტორიკოსებმა, ხომ მაინც კარგად ვიცით, როგორი ძველია ეს მეთოდები და როგორ მალე არქმევს ხოლმე ისტორია მოვლენებს თავის სახელს?
როდესაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ამბობს, რომ ბუბა კუდავას „ვადა გაუვიდა“, ის ცალსახად ცრუობს და საზოგადოება განზრახ შეყავს შეცდომაში. ტყუილი და ცილისწამება, ძალაუფლებასთან ერთად, დღეს ხომ მისი მთავარი იარაღებია.
აი, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ბუბა კუდავა არავის მოუხსნია, მას ვადა ამოეწურა, ვერ დავიჯერებ, რომ თქვენც ცრუობთ. მე თქვენ, ჩემს მასწავლებელსა და დიდი ხნის უაღრესად ახლობელ ადამიანს, ასეთად არ გიცნობთ.
სავარაუდოდ, თქვენ უბრალოდ არ იცით. არცოდნა, მართალია, სიცრუეზე გაცილებით ნაკლები ცოდვაა, თუმცა თვეზე მეტია დირექტორი ბრძანდებით და არ იქნებოდა ურიგო, ძალიან მარტივ საკითხში გარკვეულიყავით.
და როცა რაიმე არ იცით და უკვე მერამდენედ მის ტირაჟირებას ახდენთ, ეს უკვე ვიღაცის „გაპრავებას“ ჰგავს.
ბატონო ზაზა, ცხოვრებაში პირველად მივცემ ჩემს თავს უფლებას, რაღაც გირჩიოთ:
არ ჭირდება კიდევ ერთი „გამპრავებელი“ თამარ სანიკიძეს, მას ასეთები არ აკლია – თუ მინისტრის მოადგილეები და თუ ფონდების თავმჯდომარეები, თუ საკრებულოების ხელმძღვანელები და თუ აკადემიკოს-პროფესორები, თუ წყალობის მომლოდინეები და თუ გამორჩენის მოსურნეები, თუ შეშინებულები და თუ დაშინებულები... არ აკლია არც ზემოთ და არც ქვემოთ, არც მარცხნივ და არც მარჯვნივ.
ნუღარ დაემატებით...
თქვენ არც არაფერი დაგიშავებიათ. გამოცხადებულ კონკურსში მიიღეთ მონაწილეობა და გაიმარჯვეთ. ჩემზე უკეთესად მიგიჩნიათ კომისიამ და მაჯობეთ. გათავდა და მორჩა. რა შუაშია აქ „კუდავას ვადა გაუვიდა“ და „ის არავის მოუხსნია“?
„მე თანამდებობას არ მივდევ, მე არ ვარ კუდავა“ – ადრე ასეთი სათაურით თქვენთან ინტერვიუ დაიბეჭდა. ზაზა ბატონო, თუ მართლა თქვენი სიტყვებია ეს და არა ჟურნალისტის ინტერპრეტაცია, მინდა გითხრათ, რომ ჩალის ფასად არ მიღირს ამქვეყნად არცერთი თანამდებობა. და ისეთ კაცს რა ვუთხარი, ვისაც რამედ უღირს.
დიახ, ჩალის ფასად არ მიღირს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცილისწამებისა და ტყუილების ნიაღვარს, სამინისტროდან რომ იღებს სათავეს, თავი წავალეკინო. არა ბატონო, არასოდეს.
და ბოლოს:
სულ ველი, რომ ბოლოს და ბოლოს გამოხვალთ და საზოგადოებას აუწყებთ – ღიად, გახსნილად, გულწრფელად – კონკრეტულად რა „დარღვევები“ ჰქონდა ბუბა კუდავას და თქვენ პირადად რას ფიქრობთ ამ „დარღვევებზე“.
„მე არ ვარ არც ფინანსისტი და არც იურისტი“ დიდხანს ვერ გამოდგება პასუხებზე თავის არიდების საშუალებად. არც მე ვარ ფინანსისტი, არც იურისტი, არც მენეჯმენტის კურსები მაქვს გავლილი, არც ფილოლოგი ვარ, არც რესტავრატორი, არც არქიტექტორი ან ურბანისტი, ერთი რიგითი ისტორიკოსი გახლავართ, მაგრამ მაქვს მკაფიო პასუხები ხელნაწერთა ეროვნული ცენტრთან დაკავშირებულ საკითხებზე...“, - წერს კუდავა.
მასალის გამოყენების პირობები






