აფაქიძის ქუჩაზე მომხდარ ნგრევას პროფკავშირების გაერთიანება და საქართველოს მშენებელთა და ტყის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან. მათი ინფორმაციით, ხშირ შემთხვევაში სამშენებლო სექტორში სამუშაოების წარმოება უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ხდება.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გასული ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოებზე საქართველოში 14 ადამიანი გარდაიცვალა, 11 კი მძიმედ დაშავდა, 2014 წელს სამუშაო ადგილზე 41 ადამიანი დაიღუპა, 66-მა კი სხვადასხვა სიმძიმის ტრავმა მიიღო.
"თუმცა ფაქტია, სამშენებლო სექტორში სამუშაოს წარმოება ხშირ შემთხვევებში შრომის უსაფრთხოების ნორმების უხეში დარღვევებით ხდება. ამგვარი ფაქტების გამომწვევი მიზეზი ძირითადად არასწორად წარმოებული სადემონტაჟო სამუშაოები ხდება ან თავის დროზე უხარისხოდ შესრულებული მშენებლობა, დემონტაჟის პერიოდისთვის კი შეუსწავლელი კონსტრუქციული მდგრადობა.
საქართველოს მშენებელთა და ტყის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი აუცილებლად მიიჩნევს პრევენციული კომპლექსური ზომების მიღებას იმ საშიში დარღვევების აღმოსაფხვრელად, რაც საქართველოში და კერძოდ სამშენებლო სექტორში არსებობს.
მშენებელთა პროფესიული კავშირი და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ხელისუფლებას შრომის ინსპექციის სრულყოფისკენ მოუწოდებს, რომელმაც სწორედ ამგვარი შემთხვევების პრევენციაზე უნდა იზრუნოს და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს შრომის უსაფრთხოებას, რათა თვიდან ავიცილოთ ლეტალური შედეგები და უმძიმესი ტრამვები.
საქართველოს მშენებელთა და ტყის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი იზიარებს იმ ტკივილს, რასაც დაღუპული მშენებლების ოჯახები განიცდიან", -ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






