სასტუმრო Radisson Blue Iveria-ში მასშტაბური საავიაციო ფორუმი (Routes Silk Road 2015) გაიმართა, რომელიც საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. სტრატეგიულ სამიტზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი ქეთევან ალექსიძე, Routes for UBM Live-ის დირექტორი ქეით ბლანდი, IATA Consulting-ის დირექტორი მი ბრაზო, უკრაინის აეროპორტების ასოციაციის პრეზიდენტი პეტრო ლიპოვენკო და ფორუმის სხვა მონაწილები.
Routes Silk Road 2015-ის ფარგლებში საქართველოს 200-ზე მეტი დელეგატი, აქედან 40-ზე მეტი ავიაკომპანიისა და 50-ზე მეტი აეროპორტის ხელმძღვანელი პირი ეწვევა. ფორუმში მონაწილეობენ როგორც ევროპის, ასევე აზიის ქვეყნების აეროპორტებისა და ავიაკოპანიების წარმომადგენლები, მათ შორის Etihad, Air China, China Southern, Turkish Airlines, Pegasu, Aeroflot, Air Astana, Air Baltic, EasyJet, Atlasglobal, Vueling, LOT, Wizz Air და სხვა.
"Routes Silk Road 2015 ავიატორებისთვის ყველაზე წარმომადგენლობითი ფორუმია და მოხარულები ვართ, რომ ბრიტანეთმა ზედიზედ, უკვე მეორედ აირჩია საქართველო ამ ფორუმის ჩასატარებლად. სასიამოვნოა, რომ 40-ზე მეტი ავიაკომპანიაა ჩამოსული და 45 აეროპორტის წარმომადგენელი. დამსწრეთა გეოგრაფია არის ძალიან ფართო, როგორც ევროპიდან, ასევე ახლო და შორეული აღმოსავლეთიდან. ძალიან ბევრი შეხვედრები გაიმართება და იმედი გვაქვს, რომ შარშანდელივით წარმატებული წელი იქნება, რადგან გასულ წელს ავიავიზიტორების რაოდენობამ საქართველოში 2 მილიონს გადააჭარბა“ - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კვირიკაშვილმა.
მასშტაბურ საავიაციო ფორუმს, Routes Silk Road 2015-ს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ თბილისში უკვე მეორედ მასპინძლობს. თბილისში ფორუმის კიდევ ერთხელ გამართვასთან დაკავშირებით UBM Routes-თან მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2014 წლის ფორუმი შედეგიანი და წარმატებული აღმოჩნდა. Routes Silk Road 2014-ზე დაწყებული მოლაპარაკებების შედეგად, ავიაკომპანიებმა Air Arabia და Aeroflot-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიარეისების შესრულება უკვე დაიწყეს.
ბრიტანული კომპანია UBM Routes-ი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიაა, რომელიც ავიაციის განვითარების მიზნით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საავიაციო ფორუმებს უწევს ორგანიზებას. Routes Silk Road-ის გარდა, კომპანიის ეგიდით იმართება Routes Asia, Routes Africa, Routes Europe, Routes America, Routes CIS და Routes World. ფორუმებში მონაწილეობას იღებენ აეროპორტების, ავიაკომპანიების, ტურისტული ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები, რომლებიც განიხილავენ საავიაციო სფეროში აქტუალურ პრობლემებს, იკვლევენ მათი გადაჭრის გზებს, აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ თანამშრომლობაზე და გეგმავენ ახალ ავიარეისებს.
Routes Silk Road 2015-ის სამოქმედო გეგმა ორი ნაწილისაგან შედგება. პირველი ნაწილი სტრატეგიული სამიტს დაეთმობა, სადაც დელეგატები სიტყვით წარსდგებიან და მთავარ თემებს განიხილავენ. 5-6 ივლისს, Routes Silk Road 2015-ის ფარგლებში დელეგატები ყურადღებას გაამახვილებენ ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა საავიაციო მიმოსვლისა და ტურიზმის განვითარება რეგიონში, ასევე ავიამიმართულებების დაგეგმვის სწორი სტრატეგია.
ფორუმის მეორე ნაწილი პირისპირ შეხვედრებს დაეთმობა. 6-7 ივლისს აეროპორტებისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლები პირისპირ განიხილავენ შესაძლო თანამშრომლობის გზებს, მოლაპარაკებას აწარმოებენ ახალი ავიარეისების დაგეგმვასა და განხორციელებაზე.
Routes Silk Road 2015 კიდევ ერთი გამოწვევაა საქართველოსათვის. ქართული ავიაციის განვითარებისა და ახალი ავიარეისების დაგეგმვის გარდა, ფორუმი ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის ამაღლებასა და ტურიზმის განვითარებას.
მასალის გამოყენების პირობები






