ტამიშის ბრძოლიდან 23 წლისთავთან დაკავშირებით დღეს დაღუპული გმირების ხსოვნას გმირთა მემორიალთან პატივი მათმა თანამებრძოლებმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, მისმა მოადგილემ ანა დოლიძემ, თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა არჩილ აბრამიამ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდალმა პოლკოვნიკმა მიხეილ სადუნიშვილმა და მისი მოადგილემ ვიცე-პოლკოვნიკმა ზვიად ჩადუნელმა მიაგეს.
აფხაზეთში, დაბა ტამიშთან მოწინააღმდეგის მხრიდან საზღვაო დესანტის გადმოსხმის შედეგად გამართული ბრძოლის დაწყებიდან 23 წელი გავიდა . 1992 წლის 2 ივლისს დილის 5:00 საათზე დაბა ტამიშთან გადმოსხმული დესანტის რაოდენობა 600 კაცს შეადგენდა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად, გააქტიურდა აფხაზური ფორმირება. მოწინააღმდეგემ ქართული შენაერთების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა. პირველი დარტყმა დუშეთის ბატალიონმა მიიღო, რის შედეგადაც 52 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. მიუხედავად დიდი დანაკარგისა, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება შეძლეს, პოზიციები შეინარჩუნეს და საზღვაო დესანტი მთლიანად გაანადგურეს. სერიოზული დანაკარგების მიუხედავად, ქართველებს საბრძოლო თვალსაზრისით, სტრატეგიული ზონა მაშინ არ დაუთმიათ. ყველაზე მეტი დანაკარგი ამ შეტევაში სხვა სამხედრო შენაერთებთან ერთად „შავნაბადას“ და „ავაზას“ ბატალიონებმა განიცადეს.
მასალის გამოყენების პირობები






