აღნიშნულ სერვის-ცენტრში, როგორც ქალაქ ოზურგეთის მერიაში აცხადებენ, 197 თანამშრომელი მუშაობს.
თუმცა... ნაგვით სავსე ურნები, ის, რაც ურნებში არ ეტევა, ხეებზე შემოწყობილი, დანაგვიანებული ტროტუარები და სარეველა ბალახებით დაფარული ისტორიულ მუზეუმთან მისასვლელი კიბეები, უპოვართა სასადილოსა და სპორტსკოლის წინ არსებული წყლის არხი, რომელიც კვირაობით ამოუწმენდავია, მრავალსართულიანი კორპუსების დანაგვიანებული მიმდებარე ტერიტორიები - ეს ყველაფერი ოზურგეთის ყოველდღიურობად იქცა.
"საფერშლოს ყოფილი შენობის, სპორტსკოლის და უპოვართა სასადილოს წინ რომ წყლის არხია, სულ ბალახით არის სავსე, წყალი არ ჩანს საერთოდ, შიგნით იმდენი ნაგავია ჩაყრილი: ბოთლები, ნაჭრები, ქილები, ცელოფნის პარკები, ქარმა რომ დაუბერა ერთადგილზე, კიბის ქვეშ მოყარა და ახლაც ისეა. როგორ შეიძლება არ იწმინდებოდეს არხი, თან ახლა ისეთი ცუდი ამინდებია. შარშან ზუსტად იმის გამო, რომ არ იწმინდებოდა, ვერ გაატარა არხმა წყალი და სულ დატბორილი იყო ქუჩა, მანქანები მოიყვანეს და ისე ამოტუმბეს წყალი, ახლაც ასემოხდება. ამ ადგილზე ზემოდან, ლესელიძის ქუჩიდანაც მოედინება წყალი და ყველაფერი ქვემოთ გროვდება" - გვიყვება ქალბატონი, რომელიც სპორტსკოლის მოპირდაპირე მხარეს მდებარე კორპუსში ცხოვრობს.
„ქუჩაში დაყრილი ბოთლები, პარკები, ქაღალდები, ერთი სიტყვით ნაგავი. ეს რეალობაა ოზურგეთში. ეს პრობლემა დიდი ხანია გვაწუხებს. მოსახლეობის დიდი პროცენტი ქუჩაში ნაგავს ყრის. ნაგვის ურნა ჩვენი სახლის წინ დგას, მოსახლეობას ნაგვით სავსე პარკები სხვადასხვა ქუჩებიდან მოაქვს, ურნა ივსება და საშინელი სუნი დგება. „მანქანა იგვიანებს და 12 საათზე მოდის. მოსახლეობას მოაქვს სამშენებლო მასალები, რომლებიც ურნაში ვერ ეტევა და ძირს ცვივა, გარდა ამისა, ქარის დროს ნაგავი იფანტება. ზაფხულია და საშინელი სუნი გვაწუხებს. ფანჯრებს ვერ ვხსნით. რა ვქნათ? იმ საშინელ სუნს გვირჩევნია, რომ გვცხელოდეს. დილით ადრე გაიტანონ ხომ შეიძლება?
დილით ღობეებზე სარეცხივით გადაფენილი გვხვდება ნაგავი. სუნი ჩნდება, ბუზი მრავლდება. მთელი ზაფხული ვერ ვიცილებთ ბუზებს. ეს უკვე გაუსაძლისია“ - აცხადებს ოზურგეთელი ციალა სალუქვაძე.
ოზურგეთის დასუფთავების სერვის-ცენტრის ხელმძღვანელი, ვოვა სალუქვაძე ქალაქის ქუჩებიდან ნაგვის დაგვიანებით გატანას, ამორტიზირებული მანქანებით ხსნის. მისი თქმით ნაგავმზიდი მანქანები მწყობრიდან გამოსულია და მუდმივად შეკეთებას საჭიროებენ.
,,ვაგვიანებთ ნაგავის გატანას და ესაა იმის ბრალი, რომ ამორტიზირებულია მანქანები. ხუთი წელი აქვს ამ მანქანებს ვადა, ესენი ათი წელია მუშაობენ და დაუმთავრებელ რემონტში გვყავს. ძალით ვარემონტებთ მანქანებს. თუ ახალი მანქანა გვეყოლება, არანაირი პრობლემა არ გვექნება მუშაობაზე” - აცხადებს ოზურგეთის დასუფთავების სერვის-ცენტრის ხელმძღვანელი, ვოვა სალუქვაძე.
თეა იოსელიანი, გურია
მასალის გამოყენების პირობები






