ბიზნესმენი ლევან ვასაძე განათლების მინისტრს შეხვდა. შეხვედრის დეტალებზე ვასაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ჩანაწერში წერს.
„ამას წინათ განათლების მინისტრთან ვიყავი შეხვედრაზე, სადაც ვცდილობდი ამეხსნა, რომ არ შეიძლება 3–4 კლასელებისთვის გენდერული ჯანდაბა თემების საგნის შემოტანა ამ ტიპის სახელმწიფოს, როგორც ბოროტებისა და ძალადობის წყაროს, მხრიდან ახალი საგნის სახით. რომ ეს ის კარებია, საიდანაც, რაც არ უნდა ჩავწეროთ ახლა, მერე, გლობალისტების დაკვეთით, ჩვენს შვილებს ცნობიერებაში შეუვარდებიან ანტიოჯახური, შხამიანი კლიშეები.
ოთახში სამინისტროს რამდენიმე კარგი, ზრდილი და პატრიოტი თანამშრომელი იჯდა, რომლებიც დუმდნენ. პირველ ხმას კი რამდენიმე ქალბატონი ამბობდა, რომლებიც უცხოურ არასამთავრობოებს წარმოადგენდნენ. ისინი ჭკუას მასწავლიდნენ და მიმტკიცებდნენ, ეს უცხოურების ტყუპისცალი საგანი უცხოეთიდან არ მოდის, სამინისტროში მოიფიქრეს და ჩვენ უბრალოდ ძალიან გაგვეხარდა, როდესაც ამის შესახებ შევიტყვეთო. ვფიქრობდი, ნეტა რამდენი შვილი ჰყავთ ჯამში ამ ქართველ დედებს, ასე რომ არ ედარდებათ ეს თემა–მეთქი. და საერთოდ არიან კი ისინი ქართველი დედები?
მე, გეგონება მეტი საქმე ან დარდი არ მქონდეს, მდივანივით ვეჯექი და სტროფ–სტროფ ვუკითხავდი მათი უაზრო ტექსტის ფრაზებს და ვცდილობდი, რაიმე აზრი გამომეტანა იქიდან და კონკრეტული, პროფესიული ფორმულირებები შემეთავაზებინა. ამასობაში დაგვიანებით კიდევ ერთი მასეთი გოგონა შემოვიდა, რვეული დამიბრეხვა წინ, გვერდზე დამისკუპდა და ნორჩი კომკავშირელივით ხელს იწევდა, სანამ მე ვსაუბრობდი. შევწუხდი, სათქმელი მოკლედ დავამთავრე და სიტყვა დავუთმე. ნეო–კომკავშირელმა გოგონამ ამ ჩემს კონკრეტულ წინადადებებზე, რომლების დიდი ნაწილიც არც კი მოუსმენია, განაცხადა, ბატონმა ლევანმა ეტყობა არ იცის, რომ რუსეთმა საქართველო მოსწყვიტა პროგრესულ პროცესებს, მე ეხლა გაუპატიურებული 3 წლის გოგონასგან მოვდივარ და ეტყობა მას არ უნდა, რომ ჩვენ მისნაირი უბედურები გაუპატიურებისგან დავიცვათო. საწყალი, რაც უფრო მეტს ტლიკინებდა, მით მეტს კანკალებდა, ბოლოს სუნთქვა შეეკრა და გაჩუმდა. ვითმენდი ამ მარაზმსა და შეურაცხყოფას, ვუსმენდი ამ სიურეალიზმს და ვფიქრობდი, იქნებ იმან მაინც გვიშველოს, რომ უცხოელ ჭინკებს ვერც კი წარმოუდგენიათ, რა უვარგის კადრებს ასაქმებენ ჩვენთან მეთქი და რომ ჩვენ ისე აღარაფერში აღარ ვვარგივართ, რომ ეტყობა ლიბერასტობაშიც არ ვივარგებთ მეთქი. ჩემმა მეგობარმა ვერ მოითმინა და, გოგონი რა შუაშია ეგ სისულელეებიო და ის ჩემი მეგობარი იმისთანა ჩაწიხლეს იმ ქალებმა, რომლებმაც მანამდე ჩემს ამ შეურაცხყოფაზე არაფერი თქვეს, რომ მინისტრს რომ არ გადავერჩინეთ, ალბათ გაგვლახავდნენ.
რა შუაშია ეს წარღვნასთან? რა შუაშია და ჩემი აზრით მთელი ქვეყანა წარღვნაშია. დავწერ კიდევ რაიმე მორიგ წერილს თბილისის არქიტექტურულ ტრაგედიაზე, რეგიონულ დაცლაზე, დემოგრაფიულ ზამთარზე, ფისკალურ რისკებზე, საბაჟო მაზოხიზმზე, მასმედიის რეგულირებაზე, მამაცი ინტერნეტ ანონიმისტ–აბსურდისტები ისევ „რუსეთუმეობაში“ დამადანაშაულებენ და ასე გაივლის კიდევ რამდენიმე თვე, სანამ ისევ არ გასკდება სადმე–რამე და სანამ ისევ ვეღარ შევძლებ გაჩუმებას. ვინმეს ხომ არ ეშლება, თუ ფიქრობს, რომ ტყუილად არსებობს სამოქალაქო საზოგადოების ჩვენი ის ნაწილი, რომელსაც უცხოეთიდან არ აფინანსებენ? როდემდე უნდა ვიყოთ ამ კუკუ–დამალობანაში ჩვენ და მთავრობა ერთმანეთისადმი ვალდებულებების შესრულების მიმართ?“, - წერს ვასაძე.
მასალის გამოყენების პირობები






