27 ივნისს 11:00 საათზე საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ დემეტრეს მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება, სადაც არქიმანდრიტის მხარდამჭერი ჯგუფია შექმნილი.
„აქცია მშვიდობიანია!!!
ჩვენი თხოვნაა ორმა მეგობარმა სახელმწიფომ - აზერბაიჯანმა და საქართველომ მეგობრულად გადაწყვიტოს კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის საკითხი.
მამა დემეტრეს მიეცეს საშუალება ტაძარში ღვთისმსახურება შეასრულოს საქართველოს მოქალაქის ან ორმაგი მოქალაქის სტატუსით...
ჩვენი, ჰერელების მიზანია, საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას, ჩვენი პარტნიორობის,თანამშრომლობის,მეგობრობის ფონზე, ვთხოვოთ გაითვალისწინოს აზერბაიჯანში, კერძოდ, კახის რაიონში მცხოვრები მართლმადიდებელი მრევლის სურვილი - მამა დემეტრე დაუბრუნდეს წმინდა გიორგის ტაძარს.
გთხოვთ მობრძანდეთ... მხარი დავუჭიროთ არქიმანდრიტ დემეტრეს და, შესაბამისად, ჰერელებს !!!“, - ნათქვამია მიმართვაში.
შეგახსენებთ, 21 ივნისს კახის რაიონში მოქმედი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა დემეტრე საქართველოდან აზერბაიჯანში დაბრუნებისას აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურმა ქვეყანაში არ შეუშვეს.
მასალის გამოყენების პირობები






