ორიოდე დღის წინ, კახეთში ახალგაზრდა დაიჭირეს არასრულწლოვანი ბიჭების გაუპატიურების მცდელობის გამო. მანამდე, საზოგადოებას ზესტაფონის სოფელ ცხრაწყაროში, 42 წლის მამაკაცის მიერ 10 წლის ბავშვზე ძალადობის ფაქტმა დასცა თავზარი. რამდენად ხშირია საქართველოში პედოფილიის შემთხვევები? რა პოლიტიკა აქვს სახელმწიფოს ამ პრობლემის მოსაგვარებლად? პედოფილი არის კრიმინალი, რომელიც მხოლოდ უნდა დაისაჯოს თუ უნდა განიკურნოს კიდეც? რომელი სფეროს წარმომადგენლებში გვხვდებიან ყველაზე ხშირად პედოფილები? რა ნიშნით უნდა ,,ამოვიცნოთ'' მოქალაქეებში პედოფილი და რაც მთავარია. როგორ უნდა დავიცვათ შვილები მსგავსი შემთხვევებისგან? ,,ვერსიის'' კითხვებს ექიმი-სექსოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სექსოლოგიის სრული პროფესორი ზურაბ მარშანია პასუხობს.
რა ასაკში ვლინდება პედოფილია და რა იწვევს მას?
_ პედოფილიის ფორმები შესაძლოა სხვადასხვა დროს გამოვლინდეს. არის ფორმები, რომლებიც ხანშიშესულ ადამიანებში ვლინდება. ზოგი _ შედარებით ახალგაზრდებში. პედოფილია მეტწილად მამკაცებში გვხვდება, თუმცა არსებობენ პედოფილი ქალებიც. არის შემთხვევები, როდესაც სექსუალურ აქტს არ აქვს ადგილი, მაგრამ არის ამ საკითხზე ფანტაზია. რადგან კრიმინალი არის ქმედება, ფანტაზია კი არ არის კრიმინოგენული, უნდა ვივარაუდოთ, რომ პედოფილების რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე ფიქსირდება.
_ შესაძლებელია პედოფილის რაიმეთი ,,ამოცნობა''?
_ მათი გამოვლენა კონკრეტულ ფაქტზე თუ იქნება შესაძლებელი, თორემ როგორც წესი, არაფრით განსხვავდებიან სხვა ადამიანებისგან. არიან ძალიან სასიამოვნო და რესპექტაბელური პიროვნებები.
_ რა ტიპის ფსიქოლოგიურმა ტრავმამ შეიძლება გამოიწვიოს პედოფილია?
_ მიზეზი შესაძლოა ბევრი იყოს. მაგალითისთვის შემიძლია მოგიყვანოთ პედრო ალმადოვარის ფილმი ,,ცუდი აღზრდა'', სადაც პედოფილის მიერ გაუპატიურებულმა ბავშვმა ცხოვრება დაიმახინჯა. მართალია ის პედოფილი არ გამხდარა, მაგრამ ამ შემთვევამ მასზე იმდენად მძიმე გავლენა იქონია, რომ საბოლოოდ მან სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა.
თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, ყველაზე მეტად რომელი პროფესიის ადამიანებში გვხვდებიან პედოფილები?
_ პიროვნება, რომელსაც აქვს პედოფილური მიდრეკილებები, ეძებს ისეთ პროფესიას, სადაც მეტი წვდომა აქვს მცირეწლოვანი ბავშვების მიმართ. პედაგოგებს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს პროფესია შესაძლოა ერთ-ერთ რისკჯგუფად განვიხილოთ.
ვრცლად იხილეთ ბმულზე: "ვერსია"
მასალის გამოყენების პირობები






