მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, რესტორან ,,არაგვის'' ტერიტორიაზე, 2007 წელს, სასტუმრო ,,ჰაიატი'' უნდა აშენებულიყო. იმ პერიოდში, რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა, რომან ფიფიამ, სასტუმროს მშენებლობის მიზეზით, ლაგუნა ვერეს მოპირდაპირე მხარეს განთავსებული შენობა-ნაგებობები აიღო და კლდის ფერდობზე სასტუმროს მშენებლობა დაიწყო. ერთ წელიწადში, ,,ჰაიატის'' მშენებლობა შეჩერდა, ხოლო გათხრილი საძირკველი, რომელიც მდინარე ვერეს კალაპოტს ესაზღვრება, გრუნტის წყლით აივსო და ტბად იქცა. 13-14 ივნისს, თბილისში, სწორედ ამ ტერიტორიაზე დატრიალებული სტიქიური უბედურების შემდეგ დავინტერესდით, კონკრეტულად რა მიზეზით შეჩერდა მშენებლობა, ან იციან თუ არა თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებში, რომ საბურთალოს დასაწყისში, გმირთა მოედნის შუაგულში, ლაგუნა ვერეს პირდაპირ, კლდის ფერდობზე მართლაც დიდი ,,ბომბია'' დამონტაჟებული?!
თავის დროზე, სასტუმრო ,,ჰაიატის'' მშენებლობის ნებართვა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა გასცა. საინტერესოა, რა ტიპის ინფორმაცია ინახება ამ სამსახურის არქივში, რომელიც ,,ვერსიის'' თხოვნით, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან ძაგნიძემ მოიძია:
,,არქივის მასალების მიხედვით, სასტუმრო ,,ჰაიატის'' მშენებლობის ნებართვა 2007 წელს გასცეს. მშენებლობა 2008 წელს უნდა დაწყებულიყო და 2011 წელს დასრულებულიყო. თუმცა როგორც იცით, 2008 წლის შემდეგ, მშენებლობა შეჩერდა. ჩვენთვის უცნობია, რა მიზეზით შეჩერდა მშენებლობა, რადგან არქიტექტურის სამსახურში ამ ტიპის ინფორმაციას არ ვფლობთ. უმჯობესია, მიზეზებზე უშუალოდ კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბროთ. ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ 2011 წელს, სასტუმროს მშენებელმა კომპანიამ არქიტექტურის სამსახურს მიმართა და მშენებლობის ვადა 2014 წლამდე გააგრძელა. ესაა ოფიციალური ინფორმაცია, რაც ამ კონკრეტულ მშენებლობაზე ჩვენი სამსახურის არქივში მოვიძიეთ. თუმცა 2014 წლის შემდეგ, თბილისის არქიტექტურის სამსახურისთვის, მშენებლობის ვადის გაგრძელების თხოვნით, აღარ მოუმართავთ''.
რამდენად საშიშია გმირთა მოედანთან ახლოს, ლაგუნა ვერეს პირდაპირ, კლდის ფერდობზე მიტოვებული მშენებლობა, განსაკუთრებით ახლა, სწორედ ამ ზონაში დატრიალებული სტიქიური უბედურების შემდეგ? მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი როსტომაშვილმა ,,ვერსიას'' განუცხადა, რომ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, აუცილებელია გეოლოგების დასკვნა. სხვათა შორის, სწორედ გეოლოგების დასკვნის საფუძველზე უნდა გადაწყდეს, რა ტიპის ფუნდამენტი ან მშენებლობის წარმოების რომელი მეთოდი იქნება საჭირო ამ კონკრეტულ შემთხვევაში: ,,ფაქტი, რომ საძირკველი წყლით აივსო, არ ნიშნავს, მშენებლობა ამის გამო შეჩერდა. სამწუხაროდ, დეტალურ ინფორმაციას არ ვფლობ, თუმცა დარწმუნებული ვარ, მშენებლობის შეჩერების მიზეზი ეს არ იქნებოდა. სხვადასხვა მეთოდი არსებობს, რომლითაც წყლის ამოტუმბვაა შესაძლებელი. სხვათა შორის, სანკტ-პეტერბურგი (ყოფილი ლენინგრადი) ჭაობზეა გაშენებული, ჩვენც გვიშენებია ობიექტები ჭაობზე, მაგრამ ამ შემთხვევაში, განსხვავებული საძირკველი კეთდება. ავლაბარში, ნებისმიერი ობიექტი რომ გათხაროთ, წყალს აუცილებლად ნახავთ, მაგრამ იქ მშენებლობის სულ სხვა მეთოდი, სხვა ტექნოლოგიები და მასალებია გამოყენებული. ამდენად, წყალი პრობლემა არ არის, მით უმეტეს, სასტუმრო ,,ჰაიატი'' კლდოვან საძირკველზე უნდა გაშენებულიყო''.
წყარო: "ვერსია"
მასალის გამოყენების პირობები






