შპს ”ყაზტრანსგაზ-თბილისის” თანამშრომლებმა სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მიზნით საკუთარი ხელფასებიდან თანხა შეაგროვეს, რომელიც დაზარალებულთა ანგარიშებზე უკვე გადაირიცხა.
კომპანია იზიარებს თბილისში 13-14 ივნისს სტიქიის შედეგად დაღუპული და დაზარალებული ოჯახების ტრაგედიას და უთანაგრძნობს ყველა დაზარალებულსა და უსახლკაროდ დარჩენილს. შეგროვილი 20 000 ლარი დაზარალებულთა, ზოოპარკისა და ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის ანგარიშებზე უკვე გადაირიცხა.
"გამოვთქვამთ უდიდეს მწუხარებას, რომ ბავშვებისა და მოზრდილების საყვარელი თავშეყრის ადგილი - ზოოპარკი, თითქმის მთლიანად განადგურებულია. აღარ არსებობს ასევე ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი. თითოეული ჩვენთაგანისთვის ეს დიდი ტკივილია. ვინაიდან კომპანია იმყოფება სპეციალური მართვის რეჟიმში და არ გააჩნია ფინანსური დახმარების ან ქველმოქმედების გაწევის უფლება, ამიტომ კომპანიის თანამშრომელთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, დაზარალებულთა დასახმარებლად ხელფასებიდან შეგროვებული იქნა 20 000 ლარი. აღნიშნული თანხა გადანაწილდა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ანგარიშზე გადაირიცხა 15 ათასი ლარი, ზოოპარკის ანგარიშზე - 4 ათასი ლარი, ხოლო ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარს გადაერიცხა 1 000 ლარი", - აღნიშნულია შპს ”ყაზტრანსგაზ-თბილისის” განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






