დავით ნარმანიამ სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ტექნიკის მოცულობა ყოველდღიურად მატულობს, რადგან გასატანი მასალა საკმაოდ დიდია.
დავით ნარმანიას განცხადებით, გაწმენდითი სამუშაოები განსაზღვრულ ვადებში უნდა დასრულდეს, ამიტომ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს როგორც დღის, ასევე ღამის საათებში. ვერეს ხეობის გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ კი აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.
დავით ნარმანიას თქმით, ცალკეულ ტერიტორიებზე აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია. წყნეთის ქუჩის 13 ნომრის მიმდებარედ, სადაც საცხოვრებელ კორპუსს საფრთხე ექმნებოდა, დაწყებულია საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები.
„მომზადდა ოცზე მეტი ხიმინჯი, ასევე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს "მზიურის" მიმდებარე ტერიტორიის ცალკეულ დაზიანებულ მონაკვეთებზე, პარალელურად მიმდინარეობს პროექტირება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ამასთან, დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ უწყებებს, კომპანიებს და კერძო პირებს.
„თითოეულ ადამიანს მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. ინდივიდუალურად აღარ ჩამოვთვლი უწყებებს და კომპანიებს, ვინაიდან ძალიან ბევრნი იყვნენ და ვშიშობ, არავინ გამომრჩეს. იმდენად მაღალი იყო სამოქალაქო აქტივობა და იმდენად მაღალი იყო თითოეული უწყების გვერდში დგომა, რომ მართლაც სამაგალითო იყო ეს ყველაფერი თითოეული ჩვენგანისათვის“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






