13 ივნისის თბილისის სტიქიასთან დაკავშირებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საგამოძიებო ფილმი „ვინ შეუკვეთა მკვლელობა ვერეს?“ მოამზადა, სადაც საუბარი აქამდე უცნობ ინფორმაციებსა და დაფარულ მასალებზეა.
ფილმში გაჟღერებულის ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ მას შემდეგ, რაც ადიდებულმა ვერემ წყლისა და საკანალიზაციო ინფრასტრუქტურა დააზიანა კრიზისების მართვის შტაბმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ კანალიზაციის დროებითი კოლექტორი მდინარეში ჩაეშვა, რომლის ქვედა წელში მოხალისეები იდგნენ და გამწმენდ და აღდგენით სამუშაოებს ასრულებდნენ.
„გამომძიებელი რეპორტიორის“ მიერ მოპოვებულ ფოტომასალაზე აღბეჭდილია მდინარე ვერეში ჩაშვებული კანალიზაციის ღია კოლექტორი, რომელიც წყნეთის ქუჩიდან ვერეზე გადადიოდა და მიმდებარე ტერიტორიის შენობებიდან გამომავალი საკანალიზაციო მილების ნაკადებს კრებდა.
„მოხალისეებს უფლება ჰქონდათ, სცოდნოდათ, რომ კანალიზაციის წყლით დაბინძურებულ ვერეში მუშაობდნენ. თუმცა, ეს ინფორმაცია მათთვის ისე, როგორც ვერესა და მტკვრის წყალთან შეხებაში მყოფი სხვა ადამიანებისთვის, არავის მიუწოდებია. გარდა იმისა, რომ ამით საზოგადოების ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება დაირღვა, დამალული ინფორმაცია დამალული რისკების საფუძვლად შეიძლება მივიჩნიოთ. რისკების არასწორმა გათვლამ და პროგნოზის არქონამ კი, ქვეყანაში ერთი მძიმე შედეგი უკვე დააყენა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, დღეების განმავლობაში, ადამიანებით სავსე ვერეში კანალიზაციის კოლექტორის ჩაშვება რა რისკს შეიცავს“, - ნათქვამია ფილმში.
„გამომძიებელი რეპორტიორი“ დაუკავშირდა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, რომელსაც დედაქალაქის წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის მართვა და კონტროლი ევალება.
როგორც ფილმიდან ირკვევა, კომპანიის ხელმძღვანელებმა დაადასტურეს კანალიზაციის ღია კოლექტორის ვერეში ჩაშვების ფაქტი და განაცხადეს, რომ ამის გაკეთება აღდგენითი სამუშაოების წარმართვისთვის გახდა საჭირო და ქალაქის ხელმძღვანელობის თხოვნით მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები






