სტიქიის ღამეს ივლიტა მეგობარ მარიამ ქუთელიასთან ერთად გამოცდისთვის ემზადებოდა, ორი უნიჭიერესი გოგო უნივერსიტეტს ამთავრებდა პრეზიდენტის სტიპენდიანტები ნათელი მომავლისთვის იბრძოდნენ.
უეცრად განგაში ატყდა, ადიდებული მდინარე ვერე ხეობას წალეკვით ემუქრებოდა... ივლიტა, მარიამი და დათო სტიქიის წინაშე მარტო აღმოჩნდნენ ვერც ჭიშკარი გააღეს, რომელიც შლამმა ჩახერგა, ვერც სახლის უკან კლდეზე აძვრნენ. მერე სახურავს შეეფარნენ და 45 წუთი სიბნელესა და კოკისპირულ წვიმაში დახმარებას ამაოდ ელოდნენ. ივლიტა საოცრად მშვიდად ყოფილა. სასოწარკვეთას არ მისცემია, იდგა სახლის სახურავზე და ლოცულობდა. მშვიდად იყო კიდევ ერთი მიზეზის გამო, გვერდით დათო ჰყავდა. თუმცა რამდენიმე წუთში მოვარდნილმა ღვარცოფმა ყველაფერი წალეკა და წყალმა სამივე გაიტაცა. დიდხანს ებრძოდნენ სტიქიას, დათომ და ივლიტამ დიდხანს არ გაუშვეს ერთმანეთს ხელი.
ივლიტა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდან იყო, ის მთაწმინდის ტაძრის წინამძღვრის, მამა გიორგის ქალიშვილია. ამ არაჩვეულებრივი გოგონას შესახებ "გურიანიუსის" ჟურნალისტი ნატო გოგელია გვიყვება: "2010 წელს ივლიტამ და დათომ ჯვარი დაიწერეს. მისი ქორწილის დღესაც
თავსხმა წვიმა იყო... მაშინ ივლიტა 18 წლის გახლდათ. ისე უყვარდათ ერთმანეთი, მათზე ჩოხატაურში ლეგენდებს ჰყვებოდნენ... ახლა ჩვენთან აუტანელი სიჩუმეა. ამ დრომდე თვალებით ვეკითხებოდით ერთმანეთს: ახალი არაფერია? იმედს ვებღაუჭებოდით, თუმცა ეს იმედი სტიქიამ საბოლოოდ წაგვართვა. ახლა ყველა ცრემლიანი თვალებით დადის. არც შეკითხვები, არც ჩვეული ჟრიამული. ჩვენი ოფისის წინ ივლიტას სახლია, რედაქციის კედელზე კი წარწერაა მისი ხელით დაწერილი: "ივლიტა ჯიბუტი". ივლიტას მთელი ჩოხატაური ელოდა, ბოლო წუთამდე".
წყარო: "კვირის პალიტრა"
მასალის გამოყენების პირობები






