თბილისში, ფანასკერტელის 18ა ნომერში კორპუსის მშენებლობა გეოლოგების რეკომენდაციების დაცვით გაგრძელდება. საბურთალოს გამგეობის გეოლოგებს სამშენებლო კომპანია „კასკადის“ წარმომადგენლები შეხვდნენ და მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელთან ერთად, ფანასკერტელის 18 ნომერთან საძირკვლის გათხრისას ჩამოშლილ მთის ფერდობზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.
მეწყერის გამო კომპანიამ მშენებლობა დროებით შეაჩერა და ახლა გეოლოგიური კვლევის შედეგად გაცემული რეკომენდაციის მიხედვით იმოქმედებს.
საბურთალოს რაიონის გამგებლის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ ასეთ შემთხვევაზე იყოს მყისიერი რეაგირება, რათა მოსახლეობის უსაფრთხოება იქნას დაცული.
„გვქონდა შეხვედრა გეოლოგებთან ფანასკერტელის 18ა-სთან მიმდინარე მშენებლობის მშენებელთან, ასევე ზედამხედველობის სამსახურის ვაკე-საბურთალოს ხელმძღვანელთან. მივედით შეთანხმებამდე, რომ არც ერთი სამუშაო არ განხორციელდება მშენებლის მიერ ზედამხედველობის ნებართვის გარეშე. ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ აუცილებელია კლდის გაწმენდა, აუცილებელია იქ საყრდენი კედლის მოწყობა და ეს ყველა აუცილებელი ღონისძიება გათვალისწინებული იქნება მშენებლის მიერ,“ - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






