ლანჩხუთში, ქალაქის ცენტრში ხშირად შეხვდებით ქალბატონს, რომელიც გამვლელებს დახმარებას სთხოვს.
წლებია უკვე, რაც ლამზირას, (ასე ეძახიან მას ლანჩხუთში,) არა მარტო პურის ფულის შოვნა, არამედ თავშესაფარიც პრობლემად აქვს ქცეული.
მას დღისით ქუჩაში მძინარეს ხშირად ნახავთ, ღამის გასათევად კი ძირითადად მრავალსართულიანი ბინების სადარბაზოებს ირჩევს.
ბოლო დროს პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიას და იქ მდებარე ხუთსართულიანი კორპუსის სადარბაზოს მიეჩვია - უკვე თვეებია, ღამეს იქ ათევს.
რედაქციაში აღნიშნული კორპუსის მკვიდრთა კოლექტიური წერილიც კი შემოვიდა, სადაც მობინადრეები ქალბატონის თავშესაფრით დაკმაყოფილებას ითხოვდნენ: ,,ღამით როგორ დავიძინოთ, როცა ვიცით, რომ ჩვენი კარების წინ დარსა თუ ავდარში ქალბატონს სადარბაზოში, მიწაზე ძინავს. როცა მშიერ -მწყურვალი ქუჩაში დაიარება მთელი დღე და გადარჩენისთვის ბრძოლა უწევს. ჩვენ, როგორც შეგვიძლია ვეხმარებით და ვაპურებთ, თუმცა ეს ზღვაში წვეთია. ნუთუ არ არსებობს რაიმე პროგრამა, რომ ამ ადამიანს დაეხმარონ და ყოველდღე ჩვენს კარების წინ, ასე საცოდავად არ ვხედავდეთ?“_ ნათქვამია წერილში.
როგორც გავარკვიეთ, ქალბატონი ლამზირა, არც სოციალური პროგრამით სარგებლობს და არც უპოვართა სასადილოს ბენეფიციარად ირიცხება. ამის მიზეზად კი, ოფიციალური პირებისაგან შესაბამისი დოკუმენტაციის არ ქონა სახელდება.
ლანჩხუთის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი მაკა გოგიჩაიშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ქალბატონს მრავალწლიან პრობლემას მალე მოუგვარებენ:
,, ვიცით ამ ქალბატონის შესახებ. მას აქვს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და როგორც ვიცი, ამ საკითზე მუშაობს უკვე პოლიცია. მას დაუმზადებენ დამატებით დოკუმენტებს და ბუნებრივია, ამის შემდეგ ისარგებელებს სოციალური პროგრამებით. გარდა ამისა, ვიცით რომ მას აქვს ჯანმრთელეობასთან დაკავშირებული პრობლემები და გადაიყვანენ სამკურნალოდ“ - დასძინა მაკა გოგიჩაიშვილმა. მანამ, სანამ შესაბამისი ორგანოები სათანადო დოკუმენტაცის მომზადებას დაიწყებენ, მას ისევ ქუჩაში, მიწაზე სძინავს და გამვლელებს თხოვნით მიმართავს, - „დამეხმარეთ 20 თეთრი მომეცით, მშია"!
- გურიის მოამბე -
მასალის გამოყენების პირობები






