„ჩვენი ერთობა პატივისცემას იმსახურებს. პატივისცემას და მადლობას იმსახურებს ყველა, ვინც ეს დღეები დგას (ვდგავართ) და მუშაობს (ვმუშაობთ)" - წერს დავით დეფი.
დავით დეფი: ეს ასეც უნდა იყოს. ამას ყველა თავმოყვარე ქვეყანა და საზოგადოება აკეთებს. მაგრამ ვატყობ ახალგაზრდების თუ ე.წ. ახალგაზრდების გაფეტიშება იწყება და ეს საოცარი ენერგია, მალე გაუფერულდება. არავის ვმოძღვრავ, მაგრამ დროა აღფრთოვანება თუ ე.წ. აღფრთოვანება შევწყვიტოთ. აქ არაფერია აღსაფრთოვანებელი. ჩვენი საქმე უკვე მეორე უკიდურესობას ემსგავსება. ხალხია გარდაცვლილი. დაღუპული. ცოცხლად ჩამარხული. ადამიანებმა თავი გაწირეს სხვების გადასარჩენად. ქალაქი დანგრეულია და გაპარტახებული. დიახ უნდა ვიდგეთ და ვწმენდდეთ, რადგან ასეთია ჩვენი არჩევანი, მოვალეობა და სინდისი.
მეგობრებო, საქართველოს ისტორიაში და მით უმეტეს უახლეს ისტორიაში, უსასრულოდ ბევრი მაგალითია ყოველი ახალი თაობის გმირობის შესახებ.
1921 წელსაც ასეთი თაობა იცავდა ქვეყნის თავისუფლებას. ზუსტად ამხელები და ზუსტად ასეთები. 1989 წელსაც, 2003 წელსაც და 2008 წელსაც. მის შემდეგაც და მანამდეც. მათ მე ცნობიერების ვარსკვლავებს ვუწოდებ. ჩემთვის არსებობს ერთი მთლიანი კულტივირებული ცივილიზაცია, ყველა ასეთი მანათობელი ვარსკვლავით სავსე და არსებობს არაკულტივირებული ბნელი ცივილიზაცია, ცინიზმითა და ღვარძლით სავსე. მისი შემადგენლებიც ასევე ყველა თაობაში არიან.
ჩემს გვერდით მუშაობდა და ქვეყანას იცავდა სკოლის მოწაფეც, მოზარდიც, აბიტურიენტიც, სტუდენტიც, ჩემი ასაკისაც, ჩემზე უფროსიც, რიგითი პენსიონერიც და ღრმად მოხუცებულიც. გოგოც, ბიჭიც, ქალიც, კაციც, პაპაც, ბებოც, ყველა. თანაც ყოველთვის. ყოველ ჯერზე. ახლაც ასეა. ამიტომ, როცა ვამბობთ ეს რა თაობაა, ცუდი თუ კარგი, უვიცი თუ გონიერი, აბსოლუტურად უსაგნო ლაპარაკია. რადგან სულ ახლახანს მომხდარ 17 მაისს და 14 ივნისს თუ ერთმანეთს შევადარებთ, ორი სამყაროს, ორი ცივილიზაციის ბრძოლას დავინახავთ. კულტივირებულის და არაკულტივირებულის. განვითარებულის და ღრმად განუვითარებელის. სადაც რა თქმა უნდა 14 ივნისის ერთობა გაიმარჯვებს.
ჩემთვის არსებობს ერთი თაობა - იდეალური ასაკის თაობა. განათლებისა და თანაგრძნობის, გმირებისა და ვარსკვლავების, გენიოსების თაობა და ყველა ასეთი ადამიანი, თავისი ქვეყნის, თავისი საზოგადოების, საცხოვრებელი სივრცის, დროის, ასაკის თუ წარმომავლობის მიუხედავად ერთიანია ასეთ თაობაში. ინდივიდუალიზმია თაობა და არა ქრონოლოგია. სხვა ყველაფერი არის Bullshit. მე ინდივიდუალისტი ვარ. მადლობა ყველა ვარსკვლავს ვინც საქართველოს და მთლიან სამყაროს გზას უნათებს.
დ.
18 ივნისი 2015
მასალის გამოყენების პირობები






