სვანიძე თანამედროვე სტოქასტიკური ჰიდროლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მისმა გამოკვლევებმა ჰიდროლოგიური პროცესების მოდელირების დარგში დასაბამი მისცა ახალ სამეცნიერო მიმართულებას მდინარეული ჩამონადენის რეგულირების თეორიაში.
გამოკვლევები აქვს წყლის რესურსების კომპლექსური გამოყენებისა და ჰიდროენერგეტიკის დარგში. სვანიძემ შეადგინა ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის, ჟინვალის ჰესისა და მდინარეების არფისა და ეღეგისის სევანის ტბაში გვირაბით გადაგდების პირველადი სქემები.
მის მიერ დამუშავებული მეთოდები ფართოდაა გამოყენებული ანგარა-ენისეისა და ენგურის ჰესების კასკადების დაპროექტების, აგრეთვე მინგეჩაურის, ბუქთარმისა და სხვა ჰესების საექსპლუატაციო გეგმების შედგენის დროს. სვანიძის ხელმძღვანელობით შეიქმნა ნაშრომი „საქართველოს სსრ წყლის რესურსების კომპლექსური გამოყენება“ (1960-1961, ტ. 1-10). სვანიძე ხელმძღვანელობდა მეტეოროლოგიურ პროცესებზე აქტიური ზემოქმედების გზით ატმოსფერული ნალექების ხელოვნური სტიმულირების სამუშაოებს, კოლხეთის დაშრობის შესაძლო კლიმატური ცვლილებების პროგნოზირების საქმეს.
სვანიძის სამეცნიერო მოღვაწეობა ძირითადად განისაზღვრებოდა ჰიდროლოგიის, ჰიდროენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკის პრობლემებით.
მომზადებულია ვიკიპედიას მიხედვით
მასალის გამოყენების პირობები






