ესპანელი სამართალდამცავების ინფორმაციით 38-ვე დაკავებული ერთი დაჯგუფების წევრია, რომლებიც მადრიდში, ვალენსიასა და კასტელონში მცირე ჯგუფებად მოქმედებდნენ. სპეცოპერაცია სახელწოდებით ,, vuelco“ (გარდამტეხი) სამივე ქალაქში ერთდროულად ჩატარდა. გამოძიების ინფორმაციით, მათ 32 ცნობილი დანაშაული აქვთ ჩადენილი - 16 ყაჩაღობა ვალენსიაში, 15 კი მადრიდში დაფიქსირდა. ბოლო ყაჩაღური თავდასხმა აღნუშნულმა ჯგუფმა ალიკანტეში, ერთ-ერთ ოფისში განახორციელა. სწორედ ამ დანაშაულის შემდეგ გავიდა მათ კვალზე პოლიცია. europapress.es-ის ინფომრაციით, დაკავებულთაგან თითოეულს თავისი ვალდებულება ჰქონდა. იყვნენ ლიდერები, რომლებიც უშუალოდ ძარცვაში არ მონაწილეობდნენ. გამოცემის ინფორმაციით, მოპარული ნივთების უმრავლესობა საქართველოში იგზავნებოდა. ადგილობრივი პოლიცია ვარაუდობს, რომ დამნაშავე ქართველებს მუდმივი კონტაქტი ჰქონდათ ევროპის სხვა ქვეყანაშ მყოფ ქართველებთან. სპეცოპერაციის კადები ესპანეთის პოლიციამ თავად გადაიღო, ისინი დაჯგუფების წევრების დასაკავებლად მათ სახლებში გამთენიისას შევიდნენ. ერთ-ერთი მათგანი მადრიდის აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა ის საზღვრის დატოვებას ცდილობდა.
ესპანური პოლიციის ცნობით, მათ დანაშაულებრივ ჯგუფში რამდენიმე თვის წინ საკუთარი აგენტი ჩანერგეს. ესპანეთში ქართველების დაკავების შესახებ ეცნობა ქართულ დიპლომატიურ უწყებასაც. ესპანეთში საქართველოს ელჩი ზურაბ პოლოლიკაშვილი ,,კურიერთან" სატელეფონო საუბარში ადასტურებს, რომ ინფორმაცია ქართველების დანაშაულებრივი ჯგუფის დაკავების შესახებ მიიღეს, თუმცა დეტალები მათთვის უცნობია. ესპანური გამოცემის ცნობით, შესაძლოა ესპანეთში დაკავებულ დაჯგუფებას კავშირი ჰქონდეს გუშინ გერმანიაში დაკავებულ ქართველებთან.
მასალის გამოყენების პირობები