გიორგი ლობჟანიძე (კუწუ), კახაბერ ფარფალია, რამაზ ციკორიძე, პაატა ჩხარტიშვილი (პრინცი), გიორგი ხმელიძე, კახა ორაგველიძე, მერაბ ჯანგველაძე - ეს ის მცირე ჩამონათვალია ქართველი კანონიერი ქურდების, რომელთაგან უკრაინაში ზოგი დაიჭირეს, ზოგი კი სიკვდილსაც გადაურჩა.
ციკორიძე გასული წლის ივლისში უკრაინულმა სამართალდამცველებმა დაიჭირეს. ციკორიძე ბინების ძარცვასთან და მანქანების გატაცებასთან დაკავშირებულ კრიმინალურ დაჯგუფებებს აკონტროლებდა. რამაზ ციკორიძე არაერთხელაა ნასამართლევი საქართველოსა და რუსეთში. უკრაინაში ის უკანონოდ იმყოფებოდა, რის გამოც რამდენჯერმე დააკავეს და ქვეყანა დაატოვებინეს.
2014 წლის ივლისში დააკავეს, ზოპოროჟიაში კანონიერი ქურდი პაატა ჩხარტიშვილი (პრინცი).
ოდესაში თავდასხმას გადაურჩა 2014 წელს კიდევ ერთი ქართველ კრიმინალური ავტორიტეტი მერაბ ჯაგველაძე, რომელიც ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს.
გიორგი ლობჟანიძე, იგივე კუწუ, ასევე გასული წლის ივლისში დაააკავეს. როგორც ცნობილია დონეცკში ლობჟანიძე კიდევ ერთ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდთან გიორგი ხმელიძესთან და ნოდარ ასოიანთან ერთად ცხოვრობდა. მას შემდეგ რაც უკრაინის აღმოსავლეთის მოვლენების განვითარება დაიწყო, კუწუ და ასოიანი ყირიმში გადავიდნენ, ხმელიძე კი კიევში.
2014 წლის სექტემბრის თვეში ოდესაში სიკვდილს გადაურჩა ქართველი კანონიერი ქურდი კახაბერ ფარფალია. სროლის დროს დაიჭრა ფარფალიას დაცვის წევრი, მათ შორის, მისი თანმხლები ქალბატონები, რომელთაგან ერთ-ერთი ადგილზე გარდაიცვალა. თავად ,,კანონიერი ქურდი“ ავტომანქანიდან გადახტა და მიიმალა.
მიუხედავად ადრე გავრცელებული ინფორმაციისა, რომ სამივე ,,კანონიერ ქურდს“ გილანს, კამოს და კახას სერიოზული პრობლემები აქვთ ქურდულ სამყაროსთან და მათი ,,ტიტული“ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ისინი (და განსაკუთებით ორაგველიძე) მაინც ქურდებად მიიჩნევიან, ვიდრე საკითხი ქურდული სამყაროს გავლენიან წევრებთან შეხვედრაზე საბოლოოდ არ დაიხურება.
რაც შეეხება კრიმინალური სამყაროს ყველაზე გავლენიან ავტორიტეტს შაქრო კალაშოვს, იგივე შაქრო მალადოი, ჯერ კიდევ ცოტა ხნის ცნობილი გახდა, რომ მისი ინიციატივით 300-მდე ,,კანონიერი ქურდის“ მასშტაბური ,,სხოდკა იგეგმებოდა“. შაქროს მიზანი ,,დიდი წმენდის“ ჩატარებაა. შაქრო კალაშოვმა ამით, დედ ჰასანის კლანში გაურკვეველი გზით შეპარული ,,ვირთხების“ წმენდა დაიწყო. იანვარში სომხეთში გამართული მასშტაბური სხოდკის მონაწილე ,,კანონიერი ქურდები“ რამდენიმე თვის განმავლობაში ასრულებდნენ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც 2008 წლის შემდეგ ,,კურთხეულ“ რამდენიმე პირს ,,სტატუსი“ უნდა შეჩერებოდათ. შაქრო კალაშოვი და სხვა კრიმინალები გასაუბრებას აწარმოებდნენ კრიმინალურ ავტორიტეტებთან, შესაძლებელი იყო თუ არა მათი ქურდულ ოჯახში დაბრუნება. ამასთანავე იძებნებოდა კრიმინალური ავტორიტეტი გელა ქარდავა.
ასევე გამოიკვეთა დაპირისპირება ტარიელ ონიანის კლანს შორის. მას შემდეგ, რაც ,,დედ ჰასანი“ მოკლეს, ხოლო მისი ადგილი შაქრომ დაიკავა, ტაროს ზოგიერთმა მომხრემ მჭიდრო კონტაქტი დაამყარა კალაშოვთან, რის შედეგადაც ისინი დაბრუნდნენ საზღვარგარეთიდან და ახლა მათი ნახვა შესაძლებელია მოსკოვში მდებარე ,,გოლდენ პალასში“, შაქროს შტაბ-ბინაში. კერძოდ, ,,გოლდენ პალასის“ ხშირი სტუმარი გახდა კახაბერ ფარფალია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ითვლებოდა ტაროს უახლოეს გარემოცვის წევრად. ასევე მერაბ ჯანგველაძე (მერაბ სოხუმსკი). თანამებრძოლების და განსაკუთრებით კახას ამგვარმა საქციელმა, ონიანის მძაფრი, ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ თავად ონიანი გამოძალვისთვის ციხეში იმყოფება.
რაც შეეხება პრეტენზიებს გელა ქარდავასთან, იანვრის ,,სკოხდკაზე“, რომელზედაც გელა არ გამოცხადდა, გადაწყდა, რომ მას მოთხოვნოდა პასუხი იმ ე.წ. მალიავაზე (წერილზე) ხელმოწერის გამო, სადაც საუბარი იყო ბადრი კოღუაშვილის, შაქრო მალადოის მეგობრისა და ქურდული ავტორიტეტის არაქურდად დატოვებაზე.
საუბარია შაქრო კალაშოვის უკრაინულ ინტერესებზე, სადაც გავლენიანი ავტორიტეტი თავისი წესრიგის დამყარებას ცდილობს, თუმცა რამდენად შეძლებს კრიმინალური სამყარო ქვეყანაში ფეხის მოკიდებას, ეს უკვე უკრაინის ახალ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.
ადგილობრივმა ქართველმა ,,კანონიერმა ქურდებმა“ ,,რაზბორკა“ მომიწყვეს - ამის შესახებ ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ მე-5 არხთან ინტერვიუში განაცხადა. თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, რომელი ქართველი ,,კანონიერი ქურდები“ იმყოფებიან ოდესაში. როგორც საქმეში ჩახედულები ამბობენ, ქართველი კრინიმალური ავტორიტეტები ამ ეტაპზე ოდესაში აქტიურად ყოფნას თავს არიდებენ.
მასალის გამოყენების პირობები