საქართველოს მესამე პრზიდენტის, ოდესის ოლქის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინაში პოლიტიკური კარიერის გაკეთებას არ აპირებს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სააკაშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„მე არ მაქვს პოლიტიკური ამბიციები. არც ქალაქის მერობას ვაპირებ და არც უკრაინის პოლიტიკაში წსვლას. რატომ დავთანხმდი ოლქის ხელმძღვანელობას? პირველ რიგში, მე არ ვარ იმპორტირებული პროდუქტი, რადგან ჩემი ცხოვრების 8 წელი უკრაინაში გავატარე“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, 16 წლიდან უკრაინაში ცხოვრობდა, მსახურობდა სასაზღვრო ჯარში, საუბრობს უკრაინულ ენაზე და მისი მეგობრების უმრავლესობა უკრაინელია.
მეორე მიზეზად სააკაშვილმა უკრაინის ორ რევოლუციაში მონაწილეობა დაასახელა.
"მესამე, მე ვიყავი უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი და რეფორმების საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელი. მე შემომთავაზეს ვიცე-პრემიერობაც, რაც საკმაოდ მაღალი თანამდებობაა, თუმცა ვიფიქრე, რომ არასოდეს ვაპატიებდი საკუთარ თავს, თუკი სადღაც ჩემი დახმარება სჭირდებოდათ და მე ეს ვერ ვიგრძენი. ჯადაბას კარიერა, ამბიციები. ოლქის ხელმძღვანელობაზე თანხმობისას ჩემი მთავარი მოტივაცია უკრაინის დახმარება იყო“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში რეგიონში ჩატარდება აუდიტორული შემოწმებები ყველა დონეზე, ვინაიდან საჭიროა იმის გაგება, "თუ სად მიდის ხალხის ფული".
„მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ვინ მოიპარა, ვინ გასცა ქრთამი და სხვა" - აღნიშნა ოდესის გუბერნატორმა და დასძინა, ოდესა გახდება უკრაინის ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანი რეგიონი.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






