სეტყვისაგან დაზარალებული ატენელები დახმარებას ითხოვენ. როგორც ადგილობრივები „ნიუპოსტთან“ საუბრისას ამბობენ, გუშინ მოსული ძლიერი სეტყვის შედეგად ისინი ერთადერთი შემოსავლის გარეშე დარჩნენ.
განადგურებულია მოსავლის თითქმის 80%. სოფელში ზარალის დათვლა შესაბამისმა კომისიამ უკვე დაიწყო. ადგილზე დღეს გამგებელი დავით ონიაშვილიც იმყოფებოდა რომელიც სტიქიის შედეგებს გაეცნო. ზარალს ითვლიან გორის მუნიციპალიტეტის იმ 40 სოფელშიც სადაც გასულ კვირას 2-ჯერ ძლიერი სეტყვა მოვიდა.
„ნიუპოსტი“ საოკუპაციო ზოლთან მდებარე ზარდიაანთკარის მოსახლეობასაც ესაუბრა, როგორც მოსახლეობა ამბობს, თუ ზარალის დათვლის შემდეგ ხელისუფლება მათ არ დაეხმარება გორში საპროტესტო აქციები სისტემატიურ ხასიათს მიიღებს.
როგორც ირკვევა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კომპენსაციების დარიგება ვერ მოხდება, რადგან ბიუჯეტში სეტყვისგან დაზარალებული მოსახლეობისთვის თანხები არ არის გამოყოფილი. დაზარალებული გლეხების დახმარება ცენტრალური ხელისუფლების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
მასალის გამოყენების პირობები






