რატომ არ მოხვდა ლუვრში ,,არსენალის მთა ღამით“ - ლუი არაგონის ფიროსმანის ისტორია
საზოგადოება - 19:08, 03 Jun, 2015     7007
კიდევ ერთი საინტერესო წერილი ნიკო ფირისმანის ,,არსენალის მთასთან“ დაკავშირებით. როგორც ცნობილია, ფიროსმანის ფერწერას სწავლობდა ფრანგი კომუნისტი მწერალი ლუი არაგონი, რომლის პირად კოლექციაშიც რამდენიმე წლის განმავლობაში ინახებოდა საბჭოელი კომუნისტების მიერ გატანილი ,,არსენალის მთა ღამით". 1969 წელს პარიზში ლუვრის მუზეუმში მოეწყო ნიკო ფიროსმანის გამოფენა. მაშინდელ ქართულ თუ მსოფლიო პრესაში არაერთი პუბლიკაცია მიეძღვნა აღნიშნულ მოვლენას, რასაც ქართული ემიგრაციული გამოცემებიც არ დაუტოვებია უყურადღებოდ. 1970 წელს პარიზში გამოცემულ ჟურნალ ,,კავკასიონში'' დაიბეჭდა ემიგრაციაში მოღვაწე ცნობილი პუბლიცისტის მიხეილ ქავთარაძის სტატია ,,ლუი არაგონ ფიროსმანის შესახებ'' ,რომელიც შესულია მიხეილ ქავთარაძის კრებულში ,,ცხოვრების 100 წელი''.

,,ნიუპოსტი“ გთავაზობთ მცირე ამონარიდს ქართველი ემიგრანტის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრის და ივერიის ერთ-ერთი ბოლო რედაქტორის მიხეილ ქავთარაძის წიგნიდან ,,ცხოვრების 100 წელი“. შეგახსენებთ, რომ მიხეილ ქავთარაძე ერთადერთი ემიგრანტი ეროვნულ-დემოკრატია, რომელიც ცხოვრების უკანასკნელ წლებში საქართველოში დაბრუნდა და სიცოცხლე 100 წელს გადაცილებულმა, მშობლიურ ქვეყანაში დაასრულა.

კავკასიონი, 14. 1970

საქართველოში ბევრს წერდნენ ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენაზე პარიზში. წერდნენ გადაჭარბებულადაც; წერდნენ სიცრუესაც, - თითქოს ცნობილი კომუნისტი მწერალი, ფიროსმანზე მზრუნველი, ლუი არაგონი გამოფენის გახსნასაც დაესწრო. მკითხველი თვითონ მიხვდება, რომ საფრანგეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრსა და განთქმულ რომანისტს ამ გამოფენის გახსნაზე დასწრება არ შეეძლო და იცით რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ცნობილმა ლიო არაგონმა მოსკოვის რისხვა დაიმსახურა. ჯერ ერთი: მან უარი თქვა შოთა რუსთაველის იუბილეს დასწრებოდა, იმის მიუხედავად, რომ ეს ფრანგი კომუნისტი მწერალი ქართველ მწერლებთან მეგობრობდა. თავისი საუარო პასუხი მან მოკლედ გამოთხვა და იგი მიმართული იყო მოსკოვისადმი: თქვენ ცოცხალ მწერლებს ციხეში და საკონცენტრაციო ლაგერებში აგზავნით, ხოლო გარდაცვლილ მწერლებს იუბილეს უცდითო...

შემდეგ, როდესაც მოსკოვში რუსლი მწერლები გაასამართლეს და ციხეში დამწყვდევით დასაჯეს, არაგონმა ამის გამო პროტესტი განაცხადა და მწერლობის თავისუფლება მოითხოვა. შემდეგ ჩეხოსლოვაკიაში რუსული ტანკების შესვლით აღშფოთებბული არაგონი თავის პროტესტს აძლიერებს, მოსკოვის ამ მზაკვრულ მოქმედებას სასტიკად გმობს და ერთა თავისუფლებას იცავს.

როგორ უპასუხა მოსკოვმა. მან აკრძალა საბჭოთა კავშირში ჟურნალის ,,ლე ლეტრ ფრანსეზ“-ის შეტანა, სადაც იგი სამი ათასი ეგზემპლარად იგზავნებოდა. და ისიც აღსანიშნავია, რომ ლუი არაგონის მფლობელობაში მყოფი ფიროსმანაშვილის სურათების გამოფენის ნება არ დართეს.

დანარჩენს მკითხველი მისი წერილიდან გაიგებს, ლუი არაგონის ეს წერილი თარგმნა მიხეილ ქავთარაძემ.


,,... და, აი, ვინმე ახალმოსული, ჩვენს შორის გაჩნდა და მხატვრობაში შესაძლებელ-შეუძლებელზე პაექრორბას ხელახლა იწყებს; ყოველგვარი მაუწყებელი ხმაურის გარეშე მოსული - იქიდან, საიდანაც ჩვენ სრულებით არაფერს ველოდით.

რომ ჩვენს დროში ეს გაკვეთილი საქართველოდან მოდის, ეს იმდენადვე საკვირველია, რამდენად საკვირველი იყო მისი იაპონიიდან მოსვლა მატისის დაბადების ხანაში. იმ დროში, როდესაც 1863 წელს დაბადებული მხატვარი, რომლის შესახებაც აქ ვლაპარაკობთ, ჯერ ბავში იყო და ყოველგვარი ცოდნას მოკლებული ეს ბავშვი, თავის სოფლეში, კახეთში, უეცრად ხატვის გიჟური სურვილით აღივსო და დღეს, როდესაც ეს ბავშვი, რომლის დადებას დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ქუჩის სალაზღანდარო საგანი იყო, რაღაც სასწაულით ლუვრის მუზეუმში შედის, მე უნდა მოგითხროთ ნიკო ფიროსმანაშვილის ისტორია. მას ჩვენ სიადვილისთვის ფიროსმანად მოვიხსენიებთ, ამ უცნობ ქართველს, რომელზე ლაპარაკიც ჩვენში მხოლოდ იწყება.

...ფიროსმანის ისტორია მხოლოდ 1863 წელს იწყება, როცა კუბრემ (ვით რაფაელმა - როგორც თვითონ ამბობს) ,,კონფერენციიდან დაბრუნება“ დახატა და მანემ თავისი ,,საუზმე მდელოზე“ და ,,უკუგდებულთა სალონი“ გამოჰფინა.

მამის სიკვდილის შემდეგ ნიკო, ახლა თბილისად წოდებულ, მაშინ ტიფლისში გაუგზავნიათ. ეს უნდა მომხდარიყო 1870 წელს და იქ თავის მასპინძელ ნათესავთან, როემლიც სამხედრო პირი ყოფილა და სახელად კალანთარი რქმევია, ნიკოს აღეძვრება ხატვის სურვილი და აკვარელს ჰკიდებს ხელს. მაშინ მისთვის ნამდვილ მხატვრად გახდომას რა პირი უნდა სჩენოდა? 1891-იან წლებში 28 წლის ნიკო საბარგო მატარებლის კონდუქტორად მოაწყვეს. ამ ხელობაზე მან სამი წელი დაჰყო (1894 წ. იანვარი), ვიდრე ავადმყოფობამ მას ამ ხელობის მიტოვება არ აიძულა.. რის შემდეგაც მან თბილისში რძის ნაწარმთა სავაჭრო გახსნა და, უნდა ვიფიქროთ, ამ დროს უნდა მისცემოდა მას პირველად კედელზე დახატვის შესაძლებლობა: მან დუქნის კედლები თავისი ნახელავი ძროხების სურათებით მოხატა და თუმცა მისი მხატვრული შემოქმედების თარიღად 1888 წელს მიიჩნევენ, ე.წ. როცა იგი 25 წლისა იყო, უნდა ვიფიქროთ, რომ ამ დუქნის გახსნის შემდეგ უნდა დაეწყო მას სერიოზული მუშაობა თავის სურათებზე. მისმა ,,ძროხებმა“ (1984 წ.) ყოველ შემთხვევაში ჩვენ დრომდე ვერ მოაღწია. უნდა დავუშვათ, რომ 1896 წელზე ადრე მხატვარ ფიროსმანს არ იცნობდნენ. ხოლო რაც მას პირადად შეეხება, ამბობენ, რომ იგი იმ დროს საამო თანამესუფრე ყოფილა: თავაზიანი და ხელგაშლილი; თანაც საკმაოდ ფიცხი, მაგრამ არა გულღვარძლიანი.

ცხადია არავის, ვისაც მისი პირველი სურათები ხელთ ჩაუვარდა, ისე დიდად არ დაუფასებია, ჯერ თუნდ იმიტომ, რომ მხატვარს არც კი უფიქრია ამაში დასამრჯელო მიეღო, ხოლო გარდა ამისა, უხარისხო მასალისაგან შექმნილი სურათები მალე ფუჭდებოდა; მათი ნაწილი დანიშNული იყო სარდაფების დასამშვენებლად, რომელთაგან ხოგი დაანგრიეს, ზოგი ხელახლა შეღებეს, ბევრ სხვას ბნელ სარდაფთა სინესტემ და მოუვლელობამ მოუღო ბოლო...

...ფიროსმანისთვის სკოლა და აკადმიური სწავლა უცნობი იყო, თმცა მას თვალწინ ჰქონდა ის, რაც მთელ ქართულ ხელოვნებას საფუძვლად უდევს: ასურული ბარელიეფები, ბიზანტიური ფრესკენი და სპარსული დეკორატიული ხელოვნება. თითქმის ყველა ავტორმა, ვინც კი ფიროსმანზე დაწერა რამე, ეს ჩემზე ადრე თქვა და ამაში ახალი არაფერია. მაგრამ მე დავუმატებდი, რომ ფიროსმანის ხელოვნებას, ამ ხელოვნების წარმოშობის კვალი ემჩნევა. უმთავრეად ყურადღებას იპყრობს სწორედ ის ყაიდა, რომლითაც იგი ამ წარმოშობისგან იმიჯნება. აი, სწორედ მე ვაახლოვებ მას, - ნუ აყვირდებით, - ჯოტოსთან, ღვთიურ ყრმასთან, რომელიც ვესპასიანოს გამოქვებულში, ხან ცარცით, ხან ნახშირით სურათებს ხატავდა და სადაც იგი შემთხვევით სიმაბუემ აღმოაჩინა, აღტაცებულ-განცვიფრებულმა. დიდი ოსტატები ისინი არიან, ვისაც ვერავინ იმეორებს. და ეს ტოსკანელი პატარა მწყემსი იმიტომ შეიქმნა, რაც იგი გახდა, რომ მან პირველმა გაწყვიტა კავშირი მაშინდელ ტრადიციულ სწავლასთან, ბიზანტიურ დამაბრმავებელ ბრწყინვალებასთან, მის უძრაობასთან, მის მოოქრულ ფონთან, სიმაბუესებრ სილამაზესთან (რასაც მისმა ოსტატმა სიმაბუემ ვერასდროს თავი ვერ დააღწია) და იმ თავისუფალი გზით წავიდა, რომელსაც ,,პრიმიტივს“ უწოდებენ. ამ გზაზე მავალს, მას ხშირად მოუქნელობა - უხეშობას უსაყვედურებდნენ. ასევე როგორც ჩვენს ხანაში - მატისს ან პიკასოს. და უნდა გვახსოვდეს, რომ სიტყვა პრიმიტივში არის ძირი სიტყვა ,,პირველი“. დიდი მხატვარი ყოველთვის პრიმიტივია, ახალი მხატვრობისა, პირელი გამტეხი ახალი გზისა. ასეთივე არის ფიროსმანი.

მე ეს დავწერე იმ გამოფენისთვის, რომელიც ამდღეებში ლუბრში, მარსანის პავილიონში უნდა გაიხსნას. და მარტო (აფრანგეთის კულტურის სამინისტროს მინისტრი იმ დროს. მთარგმნელი) ვერ უარყოფს, რომ თუ ფიროსმანისთვის დღეს ლუვრის სასახლის მარჯვენა ფრთის კარი იღება, ამაში მთავარი პასუხსიმგებელობა მე მენიჭება. ვინ ფიქრონდა, ვის მიაჩნდა შესაძლებლად, ან სასურველად, ვიდრე მე ამის შესახენ, მგონი ოთხიოდე წლის წინათ, ჯერ მოსკოვში სუსლოვს და შემდეგ, პარიზს დაბრუნებისას, ანდრე მარლოს ველაპარაკებოდი? როდესაც ჩემი თხოვნის შემდეგად ეს საკითხი მთავრობათა შორის მოლაპარაკებების საგნად გადაიქცა, მოსკოვში შეამჩნიეს, რომ ფიროსმანზე აქამდე გამოცემულ ოთხ წიგნთაგან, სამი თბილისში გამოსულა 1927 წლიდან 1965 წლამდე, ხოლო მეოთხე წიგნთაგან - მოსკოვში 1964 წელს; ნაკლებად აკადემიური პირის კ. ზდანევიჩის ავტორობით (რომელმაც ადრინდელი გამოცემით ისარგებლა). მაშინ გადაუწყვეტიათ, ამბობენ: მაღალ წრეეშიო, ნამდვილი ლამაზი, დასავლეთში გაგზავნის ღირსი წიგნი შეეკვეთათ, რომელიც ფერების ხმარებაში ცნობილ ერთადერთ საბჭოთა სტამბაში უნდა დაებეჭდათ (საფოსტო მარკებს რომ ამზადებენ, იმ სტამბაში), ქართველი ავტორის წინასიტყვაობით, რადგან არ შეიძლებოდა ამის დავალება მოსკოველთათვის, ვინაიდან ამ ხალხისათვის ფიროსმანი წარმოადგენდა სწორედ იმას, რასაც ისინი ებრძოდნენ. წიგნის ილუსტრაციები უნდა განმარტებულიყო რუსულ-ინგლისურ-ფრანგულად, უცხოეთში განზრახული გამოფენისთვის. წიგნი გამოიცა 1967 წ.

წლიდან წლამდე პარიზის გამოფენა გადაიდო. თუ რატომ - ჩემს თავს ნებას არ ვაძლევ წარმოვიდგინო ამის მიზეზი, ვინაიდან იგი ცხადია.

თითქმის ოცი წელიწადი ვცდილბო დავარწმუნო ისინი, ვისთანაც კი მოსკოვში ლაპარაკი შემიძლია, რომ ფიროსმანი დასავლეთში დავიწყებას მისცემს საბჭოთა მხატვრების ცუდ რეპუტაციას და მათგან შემდგარი ამქარის მიერ გამოტანილ განკიცხვებს ყველაფრის მიმართ, რაც იმათ დოქტრინას არ ეკუთვნის. და ბოლოს, რთულმა და დიდმა მოლაპარაკებებმა ჩვენთვის მხოლოდ სიხარულის მომგვრელი შედეგი გამოიღო, რომლის წყალობით ფრანგულ-საბჭოთა კომისიამ, რომელსაც ერთსა და იმავე დროს ავტომანქანების, ნედლი მასალის, სასოფლო ნაწარმის, თეატრისა და ხელოვნების საქმეებიც ეკითხება, მილიარდები დასძრა. ფიროსმანის გამოფენის საკითხიც დაისვა და ხელისმოწერათა ცერემონიის აღფრთოვენაბაში, გამოფენის მოწყობაც გადაწყდა. (ჯერ ამ გამოფენის, თავს ნებას ვაძლევ ვთქვა, შინაურულად პრაგასა და ვარშავაში მოწყობა უცდიათ) გამოფენის ადგილად ლუვრი და დროდ გაზაფხულის დამდეგი აირჩიეს.

საფრანგეთში ბუნებრივად მიაჩნდათ, საამისო წინასწიტყვაობა ჩემთვის დაევალებინათ, რის დაწერასაც მე ხელი მივყავ. და რომლის დასაწყისსაც თქვენ აქ გაეცანით. მაგრამ გამოფენის მომწყობებს ოფიციალური დიპლომატიური გზით აცნობეს, რომ საბჭოთა მთავრობას სურდა, გამოფენის კატალოგში მხოლოდ ამ მთავრობის მიერ მოწოდებული ტექსტები გამოქვეყნებულიყო: ერთი მოსკოველი აკადემიკოსისა და საქართველოს ერთი მინისტრისა; ვერაფერს ვიტყვი; ეს მათი საქმეა. მაგრამ მე გულუბრყვილობა ჩავიდინე და ,,არს დეკორატივს“ ვათხოვე, უკვე დიდი ხნიდან ჩემს მფლობელობაში მყოფი (ფიროსმანის) ერთი სურათი, რომელიც დაახლოებთ ხუთი წლის წინათ ჩამოვიტანე პარიზში, კულტურის მინისტრის ნებართვის წყალობით, რომელმაც თავაზიანობა გამოიჩინა და ამ სურათის ჩასადები ყუთიც გააკეთებინა. მე უბრალოდ ზრდილობის მოვალეობად მიმაჩნდა, ეს სურათი განზრახული გამოფენისთვის მუზეუმის განკარგულებაში გადამეცა. აქ ეს ამბავი ბუნებრივად ჩანდა და მადლობაც მითხრეს. მაგრამ ისე, ვით არა რომელ ინსტანციაში (ეს არს იმდენად მნიშვნელოვანია, რადგან ცნობილი ცენტრალიზმი წყალობით ბოლო ანგარიშში ამ ინსტანციების ერთმანეთში არევა ფრიად ადვილია). ამ შემთხვევაშიც პარიზში სიტყვიერად განმარტებულ იქნა, რომ მოსკოვს ,,არაგონის სურათი“ არ სურდა. როგორც თვითონ მიხვდებით, მე სრულიადაც არ მინდა დაბრკოლებად აღვიმართო იმ ორი ქვეყნის კეთილგანწყობილებაში, რომელთაგან ერთი ჩემი სამშობლოა, ხოლო მეორე იმ ხალხისა, რომლის მეირ გაწეული მსხვერპლი მე არ დამვიწყნია; არც ის გრძნობები, რომელიც მე მისთვის განმიცდია, გრძნობები, რომელთაც ვერ ჩააქრობს მხატვრობის გარშემო ატეხილი აისტორია.

მაგრამ ბოლოს და ბოლოს არ დავუშვებთ, რომ პეიზაჟი, რომელიც მე შინა მაქვს და რომლის რეპროდუქციაც თბილისში რამდენჯერმე გამოქვეყნდა, (,,არსენალის მთსი“ ან ,,თბილისის სინათლეების“ სახელით) არასასურველად იქცა, რადგან მე თვით გავხდი არასასურველი, მაშინ ისიც უნდა დავუშვათ, რომ ამისი პოლიტიკური გამართლებაც ახალია. რადგან სად, ვის გაუგონია, რომ სახელმწიფოს, თუნდაც სოციალისტურს, უარი ეთქვას, მაგალითად, და ვინჩის ან რემბრანტის სურათის გამოფენაზე, იმ საბაბით, რომ ამ სურათის პატრონი კაპიტალისტი არისო?! ამ საკითხს მხოლოდ იმიტომ ვაყენებ, რომ მე საინტერესეოდ მიმაჩნია ინტერნაციონალური მორალის ამ ერთი ადგილის გაშუქება.

იქნებ ვინმემ უტიფრობად ჩათვალოს ამ ჩემს პირად შემთხვევაზე საჯარო ლაპარაკი. ასეთებს ვთხოვ გაიხსენონ, რომ მე დიდი ხანია მუშათა მოძრაობის იმ ღრმა მიმდინარეობას ვეკუთვნი, რომელიც თავის მთავარ მოთხოვნილებათა შორის, საიდუმლო დიპლომატიის გაუქმებას მუდამ ასახელებდა.

მე ამ ამბის დამალვის საჭიროებას ვერა ვხედავ, სწორედ იმ მომენტში, როდესაც პარიზსში ფიროსმანის გამოფენას ტრიუმფს ვუსურვებ. რადგან ეს ტრიუმფი იქნება ერთდროულად მხატვრობისა და ნამდვილი ინტერნაციონალიზმისაც, რომელიც სრულიად არ მოდის სამხედრო მიღწევებით. ოკუპაციებით ან დიქტატებით. გვსურს თუ არა გვსურს, მსოფლიოს თვალში მხატვარი დიდ მხატვრად მხოლოდ პარიზში იქცევა. ეს ასე არის, თუნდაც იმის თქმისათვსი ბურჟიაზიულ ნაციონალისტად მომნათლონ, ჩვენში თუ სხვაგან.

ხოლო მე ფიროსმანის თანამემამულეებს ვაპყრობ თვალს; ვინც საქართველოს დიდება შექმნა - რუსთაველიდან ბარათაშვილამდე. წერეთლიდან ტიციან ტაბიძემდე, მეთორმეტედან - მეოცე საუკუნემდე; აგრეთვე იმ მეგობრებისაკენ (ვიცქირები), მე რომ იქ მყავს და რომელთა დასახელევას უმჯობესია მოვერიდო. იქაური ჩვეულებისამებრ ვიღებ მე სასმისს და ფიროსმანის მოსაგანოარის დასალევად მოვუწოდებ მათ, რომელთაც ვუთმობ საამისო სიტყვა წარმოსთქვან იმ ხელოვნებით, რასაც ისინი ასე შეუდარებლად ფლობენ, რისი მეტოქეობა არ ძალმიძს და უცნობი ქართველი ფიროსმანისთვის ვცლი მე ჩემს სასმისს“.

მთარგმენლი მიხეილ ქავთარაძე

Les letters francaises. Directeur: Aragon. №1273 du 5 mars au 11 mars 1969.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42