ზუგდიდში ,,მაკდონალდსის" რესტორანი გაიხსნა. ,,მაკდონალდსის" გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ქალაქ ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია,ქალაქის საკრებულოს თვმჯდომარე მერაბ ქვარაია და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. ზუგდიდის ,,მაკდონალდსი" საქართველოს მასშტაბით რიგით მეშვიდეა და სხვა რესტორნებისგან ეფექტური პლატფორმით, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და დრაივის ტიპის სისტემით გამოირჩევა. რესტორანი ევროპული ტენდენციებითაა შესრულებული. მშენებლობა უმოკლეს ვადაში, ხუთ თვეში დასრულდა, რის გამოც ,,მაკდონალდსის" ზუგდიდის რესტორანი ,,მაკდონალდსის" ევროპული სისტემის მიერ სერტიფიცირებულ იქნა, როგორც ყველაზე ეფექტურად და სწრაფად აშენებული რესტორანი. ზუგდიდის ,,მაკდონალდსში" ჩადებულმა ინვესტიციამ 5,2 მლნ ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ შენობა ადაპტირებულია შშმ პირების საჭიროებების შესაბამისად. ზუგდიდის ,,მაკდონალდსში" 70 ადგილობრივი პირი დასაქმდა. დასაქმებულთა საშუალო ასაკი 20-22 წელია.
მასალის გამოყენების პირობები






