თბილისის მერის განცხადებით, ზოოპარკში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მასშტაბური ღონისძიებები ეწყობა, სადაც სტუმრად მისულ ბავშვებს სასიამოვნო დროის გატარება სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობით შეუძლიათ.
„თბილისის ზოოპარკი დღეს პატარებს მასპინძლობს. აქ უამრავი ღონისძიებაა დაგეგმილი. სტუმრებს ზოოპარკის ტერიტორიაზე ცხოველებისა და ფრინველების დათვალიერების გარდა, გასართობ და კულტურულ ღონისძიებებზე დასწრების შესაძლებლობა აქვთ. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დღე თითოეული ბავშვისთვის დაუვიწყარი იქნება“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის ზოოპარკში ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ, ნახონ სპორტული აკრობატიკის საჩვენებელი ნომრები და ილუზიონისტის შოუ, მოუსმინონ ჰამლეტ გონაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეებს, საბავშვო ბაღების კოლექტივებს, „ბასტი ბუბუს“ სტუდიის მოსწავლეებსა და საბავშვო სტუდია „სახეს“ წევრებს. იმართება სახალისო ვიქტორინები.
თბილსის ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის თქმით, 1 ივნისს თბილისის ზოოპარკი ყოველთვის განსაკუთრებულად აღნიშნავს, რადგან ზოოპარკის მთავარი ფუნქცია სწორედ ბავშვებთან მუშაობა და ბუნების მიმართ მათი ცნობიერების სწორად ჩამოყალიბებაა.
„წელს განსაკუთრებით მასშტაბურად აღვნიშნავთ ამ დღეს. რამდენიმე ადგილზე იმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები. არის სპექტაკლები და სხვადასხვა სახის წარმოდგენები. ასეთ ღონისძიებებში ზოოპარკის ჩართულობა მნიშვნელოვანია როგორც ზოოპარკის პოპულარიზაციისთვის, ისე საქმისთვის, რასაც ჩვენ ვემსახურებით“, - განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.
ზოოპარკში, გლდანის, დედაენისა და სამგორის პარკებში მისულ ბავშვებს ფურცლებზე მსოფლიოს ბავშვებისადმი წერილების დაწერის შესაძლებლობაც აქვთ. ასეთი ჩანაწერი დღეს ზოოპარკში თბილისის მერის უფროსმა ვაჟმაც დატოვა. წერილები დღეს 18:00 საათზე დიდ საჰაერო ბუშტთან ერთად, ოთხივე პარკიდან ერთდროულად ცაში აფრინდება.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება თბილისის ყველა უბანში ტარდება. გასართობ და შემეცნებით ღონისძიებებში მონაწილეობა ბავშვებს ვაკის, მუშთაიდის, დედაენის, გლდანის, კიკვიძის, სამგორის პარკებსა და „მზიურში“ მთელი დღის განმავლობაში შეეძლებათ.
მასალის გამოყენების პირობები






