2 ივნისს, 14:00 საათზე, ქალაქ ზუგდიდში „მაკდონალდსის“ ახალი რესტორანი იხსნება, რომელიც, საქართველოს მასშტაბით, რიგით მე-7 იქნება. გახსნის ცერემონიას დაესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია და აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი.
„მაკდონალდსის“ ეს რესტორანი განსაკუთრებულია, რადგან გამოირჩევა მომსახურების ახალი, კიდევ უფრო კომფორტული პლატფორმით, აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და არის დრაივის ტიპის. რესტორნის განსხვავებული, ევროპული ტენდენციების მიხედვით შექმნილი ინტერიერის დიზაინი, ფრანგული კომპანია UXUS-ის ნამუშევარია, ხოლო ინტერიერის სამუშაოების შესრულება ავსტრიულ კომპანია Schloffer-ს ეკუთვნის. რესტორანში არსებული საბავშვო ოთახი პოლონური კომპანია L&Bee-ის დამზადებულია, სამზარეულო კი შვეიცარული Franke-ს უახლესი დანადგარებით არის აღჭურვილი.
ზუგდიდის რესტორანი, რომლის გასახსნელად „მაკდონალდსმა“ 5.2 მილიონი ლარი დახარჯა, ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის შესაბამისი პანდუსითა და საპირფარეშოთი. რესტორანი ზუგდიდში გამსახურდიას ქ. #45-ში, მდებარეობს და მასში 70 ადამიანია დასაქმებული.
„მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი საქართველოში, 1999 წელს გაიხსნა და მას შემდეგ კომპანიამ 38,2 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია გააკეთა, ხოლო „მაკდონალდსის“ მიერ ბიუჯეტში შეტანილმა თანხამ 2015 წლის მონაცემებით, 48 მილიონი ლარი შეადგინა. დღესდღეობით საქართველოს მასშტაბით „მაკდონალდსის“ 7 რესტორანში 670 თანამშრომელი მუშაობს. კომპანია ქსელის გაფართოებას გეგმავს და უახლოეს მომავალში თბილისში კიდევ ერთი რესტორანი გაიხსნება.
მასალის გამოყენების პირობები






