გავრცელებული, არაოფიციალური ინფორმაციით - ოზურგეთში, ბიზნესმენს, კომპანია „პირამიდა“-ს წარმომადგენელს - შოთა ცინცაძეს, თავს დაესხნენ და გაიტაცეს.
არაოფიციალური ინფორმაციით, ბიზნესმენის გატაცება, გუშინ საღამოს, დაახლოებით 18 საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მერია-კონჭკათის საავტომობილო გზაზე მოხდა.
ცინცაძე, კომპანია „პირამიდას“ წარმომადგენელია, თავის მხრივ აღნიშნული კომპანია, როგორც ტენდერში გამარჯვებული ფირმა, მერია-კონჭკათის საავტომობილო გზას აშენებს.
„პირამიდამ“ მილიონ 700 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი რამდენიმე თვის წინ მოიგო და სამუშაოებს ამ მიმართულებით უკვე ერთი თვეა ახორციელებს.
გატაცების დროს, ცინცაძე მსუბუქ ავტომანქანაში იმყოფებოდა და კონჭკათის მიმართულებით მიემგზავრებოდა.
მას თან, შემთხვევითი თანამგზავრები, მძიმე თვითმცლელი მანქანების, რომლებიც გზის მშენებლობას იქვე, ახლომახლო მდებარე კარიერიდან ახორციელებენ - მძღოლები ახლდნენ.
როგორც „გურიის მოამბეს“ კონფიდენციალური, სანდო, და დაზარალებულებთან დაახლოებული წყარო უყვება: “სწორედ ამ დროს, მერიის გოგორეთის ტერიტორიაზე, მიმავალი მსუბუქი ავტომანქანის წინ, უეცრად, ხე დაეცა პირდაპირ გზაზე, რა დროსაც ტყიდან სამი შეიარაღებული პირი გადმოხტა. შეიარაღებულლები მსუბუქ ავტომანქანაში მსხდომ ცინცაძეს დაესხნენ თავს, ამ უკანასკნელმა გაქცევა სცადა, თუმცა მალევე დაეწიეს, მობილური ტელეფონი წაართვეს და რამდენიმე საათი სადღაც ჰყავდათ. სანამ ცინცაძეს საბოლოოდ წაიყვანდნენ, თავდამსხმელები ავტომანქანაში მსხდომ მძღოლებს მიუვარდნენ და „დუბინკებით“ სცემეს. თითქმის მთლიანად დალეწილია მსუბუქი ავტომანქანა. ერთ-ერთი დაზარალებული ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში მოათავსეს, რომელსაც თავის არეში 7 ნაკერი აქვს. საავადმყოფოდან დაზარალებულები პოლიციამ ექსპერტიზაზე და დაკითხვაზე წაიყვანა, თუმცა მათი გაოცება მაშინ დაიწყო, როცა გამოძიებამ, დაკითხვის დროს, იარაღის ხსენება აუკრძალათ, პოლიციაში უთხრეს, თავდასხმელებს იარაღი რომ ჰქონდათ, ამის შესახებ არაფერი თქვათო“.
„გურიის მოამბე“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრს დაუკავშირდა:“მოიყვანეს ერთი ადამიანი დაზიანებებით, აცხადებს, რომ მას თავს დაესხნენ, გაეწია დახმარება და რამდენიმე წუთია პოლიციამ გადაიყვანა შემდგომი ექსპერტიზის მიზნით.“-გვითხრა ცენტრის მენეჯერმა, დავით მდინარაძმ.
კონჭკათის გამგებელი, ირაკლი ლომია, მომხდარის დეტალებზე ვერ საუბრობს:“ვიცი ადგილი სადაც მოხდა, ეს კონჭკათის ტერიტორია არ არის, ეს მერიის ტერიტორიაა, სამწუხაროდ დეტალები არ ვიცი, გზის სამუშაოები მშენებლობის არ შეჩერებულა, დღესაც მიმდინარეობს“- თქვა ლოდიამ ჩვენთან საუბარში, მომხდარიდან მეორე დღეს.
ჩვენ ვერ შევძელით ცინცაძესთან დაკავშირება, რადგან მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.
რაც შეეხება დაზარალებულ მძღოლებს, იმის შიშით, რომ მათ სამუშაოს დაატოვებინებენ, მედიასთან ურთიერთობაზე კატეგორიულ უარზე არიან.
სანდო წყაროს ცნობით, თავდამსხმელები ბიზნესმენისაგან 340 ათას ლარს ითხოვენ.
შსს პრეს სამსახურის ცნობით, შემთხვევა დაახლოებით 18 საათზე მოხდა, დაზარალებულს თავს რამდენიმე შეუიარაღებელი პირი დაესხა და მიაყენა, სავარაუდოდ, მსუბუქი დაზიანება, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 118 მუხლის პირველი ნაწილით.
პოლიცია ყაჩაღობას და ცინცაძის გატაცებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
"იყო ფიზიკური დაპირისპირება"-გვითხრეს შსს პრეს სამსახურში.
მუხლი 118. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება (28.04.2006. N2937)
1. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან,-ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
თეა იოსელიანი, გურია
მასალის გამოყენების პირობები