„კომერსანტისთვის" ცნობილი ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით შეკვეთილში მშენებარე საკონცერტო დარბაზი დამოუკიდებლობის დღეს აღარ გაიხსნება. როგორც ჩვენთან საუბრისას ნატანების გამგებელმა, ილია თავაძემ განაცხადა, გახსნა ზაფხულამდე გადაიდო, ამის მიზეზი კი პროექტში ცვლილებების შეტანა და მისი გაფართოება სახელდება.
ცნობილია, რომ საკონცერტო დარბაზი 10 ათას მაყურებელს დაიტევს. მისი მშენებლობა 2007 წლიდან მიმდინარეობს, მის განსახორციელებლად კი დაახლოებით 200 მილიონი ლარი დაიხარჯა.
ილია თავაძის ინფორმაციითვე, საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობაც აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე იქ გარე ფასადის მოწყობა და ვიტრაჟების ჩასმა მიმდინარეობს. ცნობილია, რომ სასტუმრო მაღალშემოსავლიან სტუმრებზე იქნება გათვლილი. თავაძე ვარაუდობს, რომ სასტუმროში არა საერთაშორისო, არამედ ადგილობრივი ბრენდი განთავსდება.
ამ ტერიტორიაზე რაგბის სტადიონისა და გასართობი პარკების, ასევე მსოფლიოს შვიდი საოცრების ანალოგის შექმნაც იგეგმება. აღნიშნული პროექტის საინვესტიციო ღირებულება კი დაახლოებით მილიარდნახევარი დოლარია.
წყარო commersant.ge
მასალის გამოყენების პირობები






