დღეს, უმაღლესი ლიგის ბოლო ტურის მატჩები უნდა გაიმართოს. გარიგებული მატჩების პრობლემა არა მარტო პირველ არამედ უმაღლეს ლიგაშიც გამოსარკვევია.
ჩემპიონატი დაძაბული გამოდგა და უმაღლესი ლიგაში ბოლო ტურის წინ მეორე-მესამე ადგილების ბედი ჯერ კიდევ გასარკვევია. მესამე ადგილზე მყოფი თბილისის დინამო სახლში ჩიხურას უმასპოინძლებს, ხოლო მეორე ადგილზე მყოფი დინამო ბათუმი ნომინალური სტუმრის სტატუსით ქობულეთის ჩელე-არენაზე ადგილობრივ შუქურას დაუპირისპირდება. მეოთხე პოზიციაზე მყოფი კახა კაჭარავას ცხინვალი კი ორ დინამოს სამი ქულით ჩამორცება.
24 აპრილს შუქურას აწ უკვე ჩემპიონ და მაშინ ახლად გალიდერებულ გორის დილასთან სტუმრად ჩატარებული მატჩის ხასიათით და ფეხბურთის გულშემატკივრებში მაშინ გაჩენილი კითხვებით თუ ვიმსჯელებთ, დღევანდელი მატჩი ბათუმელებისთვის ძნელი გასეირნება არ უნდა იყოს.
ადვილად წარმოსადგენია, რომ მატჩში ქობულეთს შუქურას თამაშის ხარისხი, „რატომღაც“ ისეთივე უმოტივაციო იქნება, როგორიც გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე იყო. გასავარდნ ზონაში დაძაბული მუხტი თითქმის აღარ არსებობს, ბოლო ადგილზე მყოფი მეტალურგი ჩემპიონატის დასრულებამდე რამოდენიმე თვით ადრე მსხვილი ფინანსური დავალიანების გამო გაკოტრდა, ხოლო მეთხუთმეტე ადგილოსანი ზესტაფონი კი ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურით ადრე გორის დილასთან საშინაო მატჩზე არგამოცხადების გამო უმაღლესი ლიგიდან მოკვეთეს.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზესტაფონის პრეზიდენტის განცხადებით, გორის დილასთან მატჩზე გუნდის არგამოცხადების მთავარი მიზეზი ფეხბურთელების მოსყიდვის მცდელობა იყო. მისივე თქმით ფეხბურთელების მოსყიდვა გორის დილას წარმომადგენლების მიერ იყო ინიცირებული.
მასალის გამოყენების პირობები






