„ახლა მცურავი კურსი და შოკი გვაქვს. ინტერვენციებს თავისი დატვირთვა აქვს. ინტერვენციები ეფექტურია მაშინ, როცა შოკი მოკლევადიანია და გამოწველია რაღაც შიდა ცვლილებებით. როდესაც საგარეო მსხვილი შოკი გვაქვს, ამ დროს, ზედმეტი ინტერვენციების გამოყენება კონპროდუქტიულია და უფრო გავაუარესებდით მდგომარეობას.
დღევანდელი შოკი თავისი შინაარსით შეიძლება ნაკლებია, მაგრამ ანალოგიურია იმ შოკის, რომელიც რეგიონში 1998 წელს გვქონდა. ეროვნული ბანკის საქმიანობით კმაყოფილი ვარ და ამაზე შეგვიძლია დარგის არამიკერძოებულ ექსპერტებს ვკითხოთ.
რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო მონეტარული პოლიტიკა და ერთ-ერთი საუკეთესო პასუხი გვაქვს შოკებზე. რა თქმა უნდა, ეს დიდი შეღავათი არ არის იმისათვის, ვისაც სესხი დოლარით აქვს აღებული და ლარით აქვს შემოსავალი. ჩვენი აზრით, 2014 წელსაც და აქამდეც, მონეტარული პოლიტიკის კუთხით, მაქსიმალური გაკეთდა.
ეროვნული ბანკის მიმართ ბრალდებების წაყენება ეს დამახასიათებელი არ არის მხოლოდ საქართველოსთვის. კრიზისების დროს, ყველა ქვეყანაშია ცენტრალურ ბანკზე ბრალდება. რაც უფრო მეტად გაიზრდება ფინანსური განათლება, მომავალში, მით უფრო ნაკლებად იქნება ეროვნული ბანკის მიმართ კრიტიკა. ჩვენ შევძელით, რომ პრობლემების გაღრმავება აგვეცილებინა და ყველა პრობლემას ვერ მივხედავთ, რადგან ამისთვის სხვა ბერკეტების გამოყენებაც უნდა მოხდეს“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.
ქადაგიძის მოადგილემ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ დოლარის იმ დონით გამყარებისას რასაც ადგილი ქონდა, შეუძლებელია რომელიმე ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანამ თავი დაიცვას:
"როდესაც დოლარი მყარდება 25%-ით, შეუძლებელია, რომ რომელიმე ქვეყანამ, თუ მას აქვს ღია ეკონომიკა კურსის გაუფასურებიდან თავი დაიცვას. თუ ის გაუფასურებიდან თავს დაიცავს, მას ექნება გაცილებით მაღალი პრობლემები და მომავალში კურსის უფრო მეტი გაუფასურება", - აღნიშნა მესტვირიშვილმა და ფისკალური პოლიტიკასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ
აღნიშნული პოლიტიკა მთავრობის კომპეტენციაა.
"უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობასთან ჩვენ გვაქვს ყოველდღიურ რეჟიმში ურთიერთობა. ხდება ინფორმაციის გაცვლა როგორც ერთი მხრივ, ასევე მეორე მხრივ და ვცდილობთ, რომ ჩვენი ნაბიჯები შეთანხმებული იყოს", - აღნიშნა მესტვირიშვილმა.
სებ-ის პრეზიდენტის მოადგილემ საქართველოში ვიზიტად მყოფი სავალუტო ფონდის მისიის შეფასებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფონდის მისიის მხრიდან ეროვნული ბანკის მუშაობის შეფასება პოზიტიურია:
„პოზიტიური მესიჯები იყო იმპორტის მნიშვნელოვანი შემცირებაზე. აპრილის მონაცემებით, იმპორტი 19 პროცენტით შემცირდა. ტურისტების ნაკადი გვაქვს, მაგრამ ჯერ მონაცემები არ გვაქვს და ეს მოკლევადიან პერიოდში კურსზე გავლენას ახდენს. თუ გრძელვადიან პერიოდს შევხედავთ, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გვქონდა, ჩვენ გვაქვს ექსპორტის შემცირება, ფულადი გზავნილების შემცირება და ტურისტული შემოსავლები შეიძლება შემცირებული დიდად არაა, მაგრამ არც იზრდება. ამის გასწორება უნდა მოხდეს და იმპორტი როცა დაიწყებს შემცირებას, პოზიტიური გავლენა ექნება კურსზე“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






