გამოძიების მასალების მიხედვით 2013 წლის 12 მაისს, დაახლოებით 20.00 საათზე, სად-ის #14 დაწესებულებაში ე.წ. ქურდული წესების მიმდევარებმა, კრიმინალურმა ავტორიტეტებმა ლაშა კვანტალიანმა, სოლომონ დაშნიანმა, გელა უშხვანმა, თეიმურაზ გურეშიძემ, გიორგი შემაზაშვილმა, შოთა სინაურიძემ და ნუგზარ ბუჩუაძემ კრიმინალური ავტორიტეტისთვის, კერძოდ შოთა სინაურიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო განსაკუთრებული სისასტიკით ჯგუფურად სცემეს მსჯავრდებული ლევან კორტავა, რომელიც მიღებული ტრავმების შედეგად 23 მაისს გარდაიცვალა.
გამოძიებისგან სრულიად განსხვავებულ ვერსია აქვს გეგუთის ციხის ყოფილ დირექტორს, მალხაზ სინაურიძეს, რომელიც ამჟამად ძებნაშია და აშშ-ში იმყოფება.
სინაურიძის თქმით, მასზე ზეწოლა 2006 წლის ციხის ბუნტის ხელახალი გამოძიების შემდეგ, კერძოდ კი მის მიერ ამ საქმეზე ჩვენების მიცემის შემდეგ დაიწყო. როგორც სინაურიძე აღნიშნავს, გეგუთის ციხეში სადაც ის დაწესებულების უფროსად მუშაობდა, რემონტი უნდა დაწყებულიყო. მისი სურვილის საწინააღმდეგოდ კი, გეგუთში მკაცრი რეჟიმის დაწესებულებებიდან პატიმრების გადმოყვანა დაიწყეს.
„გეგუთის ციხეში ძალიან ბევრმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა მოიყარა თავი. ციხეში კარანტინის ოთახებიც კი არ იყო, რომ ათი დღის განმავლობაში შეგვესწავლა პატიმართა ვინაობები. საერთო ოპერატიული ბაზა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს განადგურდა.
კვირა დღეს 64 მსჯავრდებული გადმოიყვანეს . ლევან კორტავა იყო ხონის დაწესებულებაში 2008 წელს მომხდარი გაქცევის ორგანიზატორი, ჰქონდა ძალიან დიდი სასჯელი, ამნისტიის შედეგად სასჯელი მოეხსნა და როგორ მოხვდა ჩემს დაწესებულებაში ჩემთვის დღემდე გაუგებარია. კორტავა ფსიქოტროპული წამლების ზემოქმედების ქვეშ იყო. განაწილებული პატიმრები დავტოვე და და დეპარტამენტის თანამშრომლები სადილად წავიყვანე, მაგრამ გზაზე დამირეკეს ჩხუბიაო და დავბრუნდი. როგორც გადმომცეს, ფსიქოტროპულ წამლებთან დაკავშირებით შელაპარაკება მოხდა. ზოგიერთი პატიმარი ამბობდა, რომ ჩხუბი კიბეზე დაიწყო და კორტავა დაგორდა. პატიმარი საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ნეიროქირურგმა დაადასტურა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. ამის შემდეგ ექიმები შვიდი დღის განმავლობაში გვატყუებდნენ. პატიმრის მდგომარეობა თანდათან მძიმდებოდა, ჩვენ კი საჭმელი დაგვქონდა მისთვის. პატიმარი მე-11 დღეს გარდაიცვალა. 28 მაისს დეპარტამენტის თავმჯდომარის მიშა ღურწკაიას თხოვნით გადავდექი იმის გამო, რომ გამოძიებისთვის ხელი არ შემეშალა.“- აღიშნავს სინაურიძე, მისი თქმით პროკურატურამ თავად ამოარჩია 7 პატიმარი რომელზეც მას უნდა დაედო ხელი, თითქოს ჩხუბში ისინი მონაწილეობდნენ.
„გამოძიება ტენდენციურად წავიდა, აქცენტი გაკეთდა მხოლოდ ჩემზე, იმ დღეებში ეკა ბესელიამ დამიბარა პარლამენტში, ამ საკითხზე მძიმე კამათი გვქონდა- ჩვენება მიეცი და, გინდა თუ არა ხელი დაადე პატიმრებსო- ითხოვდა ჩემგან ეკა ბესელია. როგორ უნდა დამედო ხელი პატიმრისთვის, როცა ჩხუბის დროს დაწესებულებაში არ ვყოფილვარ? საპრეზიდენტო არჩევნები მოდიოდა, ხმაური არ აწყობდათ, საჭირო იყო საქმის გახსნილად გამოცხადება. ბრალი წარდგენილი ქონდა ციხის რამდენიმე ისეთ თანამშრომელს, რომელიც საერთოდ არ იყო იმ მომენტში იქ, ამიტომ მათი თავისუფლების სანაცვლოდ შევუთანხმდი მიშა ღურწკაიას , ის იყო შუამავალი ჩემსა და ლაშა ნაცვლიშვილს შორის . საკუთარ თავზე ავიღე, თითქოს მე მივეცი მათ ოქმის გადაკეთების ბრძანება.“- აცხადებს სინაურიძე. მისი თქმით ის ქვეყნიდან გასვლას აპირებდა და საზღვარზე პროკურატურის დავალებით პრობლემები შეექმნა, რის შემდეგაც პრესკონფერენციის ჩატარება გადაწყვიტა. მას კი ლაშა ნაცვლიშვილის დანაბარები გადასცეს, თუ პრესკონფერენციას ჩაშლიდა, ყველანაირად გვერდში დაუდგებოდნენ.
„ავიღე საკუთარ თავზე დანაშაულის დაფარვა, შემიფარდეს 5000 ლარის გირაო, თანამშრომლებიც გამოუშვეს და სექტემბრის ბოლოს მომცეს თანხმობა ქვეყნიდან გასვლაზე. ახლა აცხადებენ, რომ ქვეყნიდამ გავიპარე. ეს არის ტყუილი, მათი ნებართვით წავედი ქვეყნიდან“- აღნიშნავს ციხის ყოფილი უფროსი. მისი განცხადებით სიმართლე აუცილებლად უნდა დადგინდეს, მისი შეფასებით კორტავა ექიმების დაუდევრობის და უყურადღებობის გამო გარდაიცვალა. კორტავას შემდეგ კი 12 მსჯავრდებული გარდაიცვალა საქართველოს ციხეებში ცემით.
„ნაციონალების“ პირველი მტერი ახლა „ოცნების“ პირველი მტერი გავხდი. განტევების ვაცი დასჭირდათ და არ გამოვა ასე. ვალს გავისტუმრებ და დავბრუნდები. ბოლომდე ვიბრძოლებ ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად.“- აცხადებს სინაურიძე
წყარო „ქრონიკა+“
მასალის გამოყენების პირობები






