განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის თქმით, თუ ზაზა აბაშიძე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობას არ მოინდომებს, ალტერნატიული კანდიდატი მოიძებნება.
ამის შესახებ მინისტრმა ცენტრის გარშემო მიმდინარე პროცესების კომენტირებისას განაცხადა.
„უკიდურეს შემთხვევაში, თუ ზაზა აბაშიძე არ მოინდომებს ცენტრის დირექტორობას, კანონით დადგენილი პროცედურის მიხედვით იქ დაინიშნება მოვალეობის შემსრულებელი, მაგრამ მოვალეობის შემსრულებელი ვეღარ იქნება იგივე მოვალეობის შემსრულებელი და მოგვიწევს ალტერნატიული კანდიდატის მოძიება. თუმცა დარწმუნებული ვარ, აქამდე არ მივა საქმე, რადგან საზოგადოება ისეთ კანდიდატს, როგორიც არის ზაზა აბაშიძე, უნდა მიესალმოს“, - აცხადებს სანიკიძე.
შეგახსენებთ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები პროტესტს განაგრძობენ. ამის გამო დღეს ყველა დაგეგმილი ღონისძიება გადაიდო, ასევე დაიხურება ბილბიოთეკა, სამკითხველო და საგამოფენო დარბაზები.
ეროვნული ცენტრის თანამშრომლების პროტესტი ახალი დირექტორის არჩევას მოჰყვა. თუმცა ისინი განმარტავენ, რომ მათ ზაზა აბაშიძის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ და ისინი დირექტორის არჩევის წესს აპროტესტებენ.
მასალის გამოყენების პირობები






