მათთან ერთად არიან მოძრაობა „დავითიანნის“ ახალგაზრდები, რომლებიც მსვლელობას დროშებით მიუძღვებიან წინ.
მას შემდეგ რაც ხატს სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე პარაკლისს გადაიხდის.

აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ისტორია:
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ტრადიციით, ხატის ისტორია ასეთია: მაცხოვრის ამაღლების შემდეგ ქრისტეს მოციქულებმა წილი ყარეს, თუ ვინ სად წასულიყო ქრისტეს საქადაგებლად. მარიამს წილად ივერია ხვდა, მაგრამ ახლოვდებოდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ჟამი და მას უფალი იესო ქრისტე გამოეხცადა:
„დედაო ჩემო, არა უგულებელსვყო ერი იგი საზეპურო უფროის ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათთვის... წარავლინე პირველწოდებული ანდრია შენს წილხვედრ ქვეყანაში და თან გაატანე შენი ხატი... შენ წილ ის ხატი მკვიდრობდეს მცველად მათდა უკანასკნელ ჟამამდე.“
ამ გამოცხადების შემდეგ მარიამ ღვთისმშობლმა ანდრია პირველწოდებულს დაავალა ივერიაში ქრისტეს ქადაგება. ღვთისმშობელმა მოითხოვა ფიცარი, მიიდო სახეზე და სასწაულებრივად, ფიცარზე მისი ხელთუქმნელი ხატი გამოისახა.
„შვილო ანდრია, ...წაასვენე სახე ჩემი და სახე ძისა ჩემისა, რათა ვიყო გამგებელი მათი ცხოვრებისა, ხელი აღვუპყრა და შევეწიო და არავინ მტერთაგანმა სძლიოს მათ.“
ანდრია მოციქული ღვთისმშობლისგან კურთხევის აღების შემდეგ ხელთუქმნელი ხატით საქართველოში ჩამობრძანდა. თავდაპირველად, წმინდა ანდრია ტრაპიზონში შემოვიდა „რომელ არს სოფელ მეგრელთა“ და მცირე ხანი იქ დაჰყო. შემდეგ გადავიდა „ქვეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდ-აჭარა ეწოდების“ და სახარების ქადაგება დაიწყო. საეკლესიო გადმოცემით, ქართლის წარმართი მოსახლეობა „პირუტყვთა უუგუნურესნი“ ყოფილა და წმინდა ანდრიასაც მრავალი განსაცდელი დაუთმენია ურწმუნოთაგან, მაგრამ ღვთისა და წმინდა ხატის შეწევნით სასწაულები აღასრულა და მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე. იქ კი, სადაც ხატი დაასვენა, მაკურნებელი წყარო აღმოცენდა.
მოციქულმა ნათლობის შემდეგ ქართლში მღვდელნი და დიაკონნი დაადგინა, ხოლო პირველი ეკლესია ღვთისმშობლის სახელზე ააშენა. ქართლელებმა მოციქულს სთხოვეს მცველად ღვთისმშობლის ხატი დაეტოვებინა; წმინდა მოციქულმა აიღო იმავე ზომის ფიცარი, მიადო წმინდა ხატს და ღვთისმშობლის სახე მეყვსეულად გამოისახა მასზე. ხატი კი პატივით დაასვენეს ეკლესიაში.
ქართლიდან წმ. ანდრია ოძრხეს გავლით სამცხეში გადავიდა და სოფელ ზადენ-გორასთან გაჩერდა, სადაც ლოცვით წარმართული კერპი დაანგრია. შემდეგ, მოციქული დაბა სოსანგეთში (ახლანდელ აწყურში) გადავიდა, სადაც იმ მხარის გამგებლის - ქვრივი ქალის სამძიმარის შვილი მკვდრეთით აღადგინა. გახარებულმა დედამ იწამა ქრისტესი და მოინათლა, შემდეგ კი წერილი მისწერა სამცხის მთავრებს, ყოველივე აუწყა და თავისთან მიიწვია. სოსანგეთი ხალხით გაივსო. ეკლესიის გადმოცემით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი საკერპოში შეასვენეს და ჩაკეტეს, დილით კი, როდესაც საკერპო გააღეს, კერპები დამსხვრეულნი დახვდათ, ხოლო ღვთისმშობლის ხატი მზესავით გაბრწყინებული. მაშინ კი ყველა დამსწრემ ერთხმად აღიარა ქრისტე. წმინდა ანდრიამ სოსანგეთში მრავალი ადამიანი მონათლა და ეპისკოპოსნი, მღვდელნი და დიაკონნი დაუდგინა. მოსახლეობის თხოვნით, წმინდა ანდრიამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი სოსანგეთში დატოვა. მესხებმა ხატს ეკვდერი აუშენეს და დიდი პატივით დააბრძანეს.
მასალის გამოყენების პირობები






