როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, 16-17 მაისს, აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დედაქალაქში შემობრძანება პირველად იდღესასწაულება.
საპატრიარქოს წარმომადგენლების განმარტებით, საქართველოს ეკლესიამ უმჯობესად მიიჩნია, ეს დღეები ლოცვითი მსვლელობებით და მსახურებებით აღნიშნოს.
„ჩვენი სურვილი შემოქმედებითმა კოლექტივებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საზოგადოებრივმა ჯგუფებმა გაითვალისწინეს და 17 მაისისთვის - ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღისადმი მიძღვნილი, მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმეს, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით“, - განმარტეს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა.
მათი განცხადებით, ხვალ, 10:00 საათზე, მღვდელმთავრები და მოძღვრები სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენენ; 14:00 საათზე, ხატებთან ერთად, დაიწყება ავტობუსებით და მსუბუქი მანქანებით მსვლელობა მცხეთიდან თბილისისკენ, ვარდების მოედნამდე.
ხვალვე, 15:00 საათზე მღვდელმთავრები, მოძღვრები და მრევლი, აწყურის ღვთისმშობლის და წმიდა ანდრია მოციქულის ხატებს ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ ფეხით წააბრძანებენ. 17:00 საათზე კი, სამების ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე პარაკლისს გადაიხდის.
პარაკლისის შემდეგ, მრევლს აწყურის ღვთისმშობლის ხატები დაურიგდება და წმიდა ადგილებიდან ჩამოტანილ ზეთს აცხებენ.
რაც შეეხება 17 მაისს, საპატრიარქოს ინფორმაციით, სამების საკათედრო ტაძარში, სადაც აწყურის ღვთისმშობლის ხატი და სხვა სიწმინდეები იქნება დაბრძანებული, კათოლიკოს-პატრიარქი წირვას აღავლენს და პარაკლისს გადაიხდის. ასევე, წაიკითხავენ გვარებისა და ოჯახების კურთხევის ლოცვას.
ამავე დღეს, ეკლესიის წევრ მრავალშვილიან ოჯახებს კათოლიკოს-პატრიარქის სიგელი გადაეცემა.
მასალის გამოყენების პირობები






