ფლორიან შაკიაშვილი: კი, ვეთამაშეთ კანადის ძალიან კარგ გუნდს. ჩემი აზრით, ძალიან კარგად ითამაშეს. ახლოს ვიყავით დამატებითი დროის დანიშვნასთან - შედეგით საკმაოდ კმაყოფილი ვართ.
რადიო თავისუფლება: ეს არის, როგორც ვიცი, მეორე მსოფლიო ჩემპიონატი თქვენს კარიერაში.
ფლორიან შაკიაშვილი: დიახ, შარშან მინსკში ვიყავი. ესეც საუცხოო გამოცდილება იყო. ჩვენ ნახევარფინალში გავედით. ასე რომ, შარშანაც კარგად ვითამაშეთ. ძალიან კმაყოფილი ვარ.
რადიო თავისუფლება: საფრანგეთში ჰოკეი პოპულარულია? როგორც, დავუშვათ, ფეხბურთი, ან რაგბი...
ფლორიან შაკიაშვილი: არა, პრინციპში არა. მაგრამ ვფიქრობ, უფრო პოპულარული გახდება პარიზში მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ - ორ წელიწადში. ამის შემდეგ, საქმე, ალბათ, უკეთ წავა.
რადიო თავისუფლება: ჩემთვის და ჩემი კოლეგებისათვის განსაკუთრებით საინტერესოა თქვენი გვარი - შაკიაშვილი. თუ შეიძლება, უამბეთ მსმენელს თქვენი ოჯახის შესახებ.
ფლორიან შაკიაშვილი: შევეცდები ავხსნა. გვარი მამაჩემის მხრიდან არის - მისი მამა ქართველმა კაცმა იშვილა და თავისი გვარი მისცა. ამიტომ ვარ შაკიაშვილი.
რადიო თავისუფლება: რა იცით საქართველოზე?
ფლორიან შაკიაშვილი: ბევრი არაფერი. როგორც გითხარით, პირველ რიგში ფრანგი ვარ. არა ვარ ქართველი, მარტო გვარი მაქვს ქართული.
რადიო თავისუფლება: საფრანგეთის მოქალაქეები, მაგრამ ქართული გვარით, არიან ძმები იაშვილები, მორაგბეები.
ფლორიან შაკიაშვილი: დიახ, დიახ - მსგავსი გვარია.
რადიო თავისუფლება: აპირებთ საქართველოში ჩასვლას? ქვეყნის გასაცნობად.
ფლორიან შაკიაშვილი: პრინციპში არა, თუმცა რატომაც არა? კარგი იქნებოდა ქვეყნის ნახვა.
რადიო თავისუფლება: საფრანგეთში მცხოვრები ქართველები თუ მოდიან ხოლმე თქვენთან ამავე შეკითხვით?
ფლორიან შაკიაშვილი: კი, სულ მისვამენ შეკითხვას - საიდან ეს გვარიო. და ყოველ ჯერზე ვუხსნი ხოლმე. ეს ნორმალურია.
წყარო www.radiotavisupleba.ge
მასალის გამოყენების პირობები






