ხელბურთის ტურნირისთვის ახალი სპორტის სასახლის მშენებლობის დაგვიანების გამო , ტურნირი "თბილისი 2015" საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით შესაძლოა ძველ სპორტის სასახლეში გაიმართოს. თავდაპირველად ობიექტის მშენებლობისთვის 17 მილიონი იყო გამოყოფილი, შემდგომ კი შენობის დროულად დასრულებისთვის კიდევ დამატებით რამდენიმე მილიონი გამოიყო.
"თბილისი 2015" საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის ალექსი ახვლედიანის განცხადებით, ორივე ალტერნატივა ევროპის ოლიმპიურ კომიტეტთან შეთანხმებულია:
"იყო ორი ვარიანტი, ჩატარებულიყო ხელბურთი ახალ სპორტის სასახელეში თუ ძველ არსებულ სპორტის სასახლეში. გამომდინარე იქიდან, რომ რაღაც მინიმალური ალბათობა არსებობს, რომ ეს ობიექტი შეიძლება ვერ შევიდეს ექსპლუატაციაში, იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ხელბურთის სახეობა ჩატარდეს ძველ სპორტის სასახლეში, რომელიც სავსებით შეესაბამება სტანდარტებს. ეს აღნიშნული ორივე ალტერნატივა ჩვენ გაცილებით ადრე გვქონდა წარდგენილი ევროპის ოლიმპიურ კომიტეტთან, ტექნიკურ დელეგატებთან და ეს იყო მხარდაჭერილი. უბრალოდ მოხდა საბოლოო გადაწყვეტილება იმიტომ, რომ რაღაც პროცენტი არსებობს ალბათობა იმის, რომ ეს ობიექტი ვერ მოესწროს." -განაცხადა ალექსი ახვლედიანი.
ობიექტზე მომუშავე სამშენებლო კომპანია აცხადებს, რომ მათ ვადა თვის ბოლომდე აქვს და თვის ბოლომდე ახალი სპორტის სასახლე დასრულდება. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელის განცხადებით ისინი ვადებში ჩაეტევიან
„დაგეგმილია, რომ ხელბურთის ქალთა და ვაჟთა ტურნირი აქ უნდა ჩატარდეს, თეორიული შანსი იყო 0.01 % რომ შეიძლება არ დამთავრდეს, აქედან გამომდინარე ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა იმ შემთხვავაში თუ ვერ მოესწრება ალტერნატივად ძველი სპორტის სასახლე გადაწყვიტა“
შეგახსენებთ, ოლიმპიური ცეცხლი უკვე საქართველოშია , ახალგაზრდული ოლიმპიადა საქართველოში ივლისის შუა რიცხვებში დაიწყება და 3 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები






