EBRD-ის პროგნოზით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა 2015 წელს 2.3%-მდე , ხოლო 2016 წელს კი 2.6%-მდე შენელდება.
ანგარიშის თანახმად, 2015 წელს სტაგნაცია 35 ქვეყანაშია მოსალოდნელი.
"ევროზონაში მონეტარული შეზღუდვების შემსუბუქების წყალობით, ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ეკონომიკური პერსპექტივები უფრო ოპტიმისტური ხდება, თუმცა რეგიონის აღმოსავლეთით განვითარება უარესდება რუსეთის გაზრდილი რეცესიის გამო", - ნათქვამია ანგარიშში.
EBRD-ის განცხადებით, რუსეთმა აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის მიმოხილვაში დიდი გავლენა მოახდინა.
მათივე თქმით, რუსეთი თავის მხრივ ელის მნიშვნელოვან რეცესიას ეკონომიკაში, 4.5%-ით შემცირებას 2015-ში, ხოლო დაახლოებით 2%-იანი შემცირებაა მოსალოდნელი 2016-ში. საწვავზე ფასების შემცირებამ და ძირეულმა სტრუქტურულმა პრობლემებმა თავისი წვლილი შეიტანა რუსეთის ეკონომიკის დასუსტებაში, - აღნიშნავს EBRD. უკრაინას რაც შეეხება, მათივე თქმით, აქ ეკონომიკური ზრდის 7.5%-ით შემცირებაა მოსალოდნელი მიმდინარე წელს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი წლევანდელი წლისთვის თავდაპირველად 5%-იან ნიშნულზე გათვალა. თუმცა, სავალუტო კრიზისის გამო, მათი განცხადებით წელს 2%-იანი ზრდა გვექნება, თუმცა შესაბამისი ცვლილებები ჯერ ბიუჯეტში არ შეუტანიათ. ბიუჯეტის კორექტირებისთვის მთავრობა მეორე კვარტლის დასრულებას ელოდება. აღსანიშნავია ისიც, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით 2015 წელს საქართველოში 2%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება.
მასალის გამოყენების პირობები






