ეკონომიკის ექსპერტის ლევან კალანდაძის შეფასებით EBRD-ის ბიზნეს ფორუმს საქართველოს ცნობადობის გაზრდის მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორც ექსპერტმა „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა, სწორად დასმული აქცენტების შემთხვევაში საქართველოში მსხვილი საინვესტიციო პროექტების მოზიდვაც იქნება შესაძლებელი.
„EBRD და მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ყურადღების მიქცევის თვალსაზრისით, ეს ფორუმი საშუალებას იძლევა საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციებმა, ინვესტორებმა და საერთაშორისო ფინანსური სფეროების წარმომადგენლებმა უფრო ახლოს გაიცნონ ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი. თუ ხელისუფლებას სწორი აქცენტები ექნება გაკეთებული და სწორი პოლიტიკური პრიორიტეტები დასახული, სრულიად შესაძლებელია, რომ ამ პლატფორმაზე მსხვილი საინვესტიციო პროექტების თვალსაზრისით ძალიან კარგი ზედნაშენი გაკეთდეს.“- განაცხადა ლევან კალანდაძემ
კალანდაძე იმ საკითხებზეც საუბრობს, რომლებზეც მისი აზრით ბიზნესფორუმის მიმდინარეობისას მთავარი აქცენტები უნდა დაისვას:
„მე იმედი მაქვს რომ დონორი ორგანიზაციები ყურადღებას გაამახვილებენ ორ ძირითად საკითხზე, ერთი ეს არის ენერგეტიკა და ის შესაძლებლობები, რაც ამ სფეროს განვითარების კუთხით გააჩნია საქართველოს და მეორე საკითხი უკავშირდება საქართველოს, როგორც საერთაშორისო რეგიონალური ჰაბის იდეის რეალიზაციას.“- აღნიშნავს კალანდაძე.
ეკონომიკის ექსპერტის მოსაზრებით, საქართველოს ხელისუფლებას კონცეპტუალურად სწორად აქვს დანახული ამ ფორუმის მნიშვნელობა და შესაძლებლობები, კალანდაძე იმედს გამოთქვამს, რომ ამ შესაძლებლობების რეალიზაციაც ეფექტურად მოხდება:
„კონცეპტულურად დღეს ხელისუფლებას სწორად აქვს დანახული ამ ფორუმის მნიშვნელობა და ის შესაძლებლობები რისი რეალიზაციაც შეიძლება მოხდეს და მეორე მხრივ სწორად არის დალაგებული ეკონომიკური პრიორიტეტები ქვეყანაში. კონკრეტულად რამდენად ეფექტურად მოხდება ინპლიმენტაცია ამ ეკონომიკური პოლიტიკის, ეს ჩვენი ხელისუფლების მარიფათზეა დამოკიდებული. მე მგონია, რომ შედეგზე ორიენტირებული იქნება, როგორც ხელისუფლების მცდელობა ასევე ამ ფორუმის მუშაობაც.“- განაცხადა ლევან კალანდაძემ.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






