ქართულ პანტომიმის თეატრს მალე მსოფლიო პანტომიმის ხელოვნებაზე გადაღებულ ფილმში ვიხილავთ, მანამდე კი საქართველო მსოფლიოში ცნობილ პანტომიმის მსახიობებს მასპინძლობს. საქართველოში პირველად პანტომიმის საერთაშირისო 10 დღიანი ფესტივალი ტარდება. 13 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით პანტომიმის თეატრში საოცრებები გელით. ცეცხლოვანი შოუ და ქანდაკებად ქცეული მიმები თქვენს ირგვლივ განსაკუთრებულ და დაუვიწყარ გარემოს შექმნიან.
ფესტივალსა და მსოფლიოში ცნობილ „სასწაულმოქმედ“ მიმებზე უფრო დაწვრილებით „ნიუპოსტის“ მკითხველს, ფესტივალის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პანტომიმის თეატრის წამყვანი მსახიობი ამირან შალიკაშვილი, უმცროსი მოუთხრობს.
ამირან შალიკაშვილი (უმცროსი): „დაახლოებით 5 წელია რაც ამ პროექტზე ვფიქრობ, პროექტიც მქონდა გამზადებული, მაგრამ ფინანსების არქონის გამო ვერ ხერხდებოდა ჩანაფიქრის განხორციელება. ამ ეტაპზე მერიამ დაგვაფინანსა და ამიტომაც გამოვიდა. თან თეატრი 50 წლის ხდება და საუბილეო თარიღთან დაკავშირებით გადავწყვიტე, რომ დაგვეფუძნებინა ეს ფესტივალი. არ ვაპირებდით საერთაშორისოს მაგრამ ბევრი მსურველი აღმოჩნდა რომ ჩამოსულიყო. რა თმქა უნდა ყველა ვერ მივიღეთ და გარკვეული ნაწილი დავაფინანსეთ, რადგან ცოტა ძვირი გვიჯდება მათი ჩამოყვანა.

ფესტივალის გახსნა არის ხვალ საღამოს 8 საათზე. 14 მაისიდან კი პირველი სპექტაკლები იწყება, დაიწყებს გერმანია, საიდანაც ძალიან საინტერესო სტუმარი გვყავს, - მარსელ მარსოს მოწაფე, რომელიც არის 60 წლამდე, აღსანიშნავი ის ფაქტი რომ, ის ყრუ-მუნჯია, მაგრამ ეს არ უშლის ხელს იმაში, რომ იყოს ძალიან წარმატებული და პოპულარული პანტომიმისტი ევროპაში.
ასევე ჩამოდის იაპონია და ძალიან ცნობილი მსახიობი მაკოტო, ვიხილავთ სომხეთის პანტომიმის თეატრსაც, ხოლო 17 -დან 23 მაისამდე ევროპის მიმების საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი მარკოს ტაჟანოვიჩი გვესტუმრება, რომელიც არის მარსელ მარსოს საერთაშორისო ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მან თავადვე გამოთქვა ამ ფესტივალზე ჩამოსვლის სურვილი. ჩვენთვის სასურველია მისი სტუმრობა რადგან სამომავლოდ საერთაშორისო ცენტრის გახსნას ვაპირებთ საქართველოში. ასევე როგორც თვითონ აღნიშნა მსოფლიო პანტომიმის ხელოვნებაზე იღებენ ფილმს, რომელშიც ქართული პანტომიმის თეატრიც მოხვდება.
ამის გარდა მონაწილეობს მამაჩემის თითქმის ყველა მოწაფე: მოძრაობის თეატრი, სხვენის თეატრი, ქუთაისის პანტომიომის თეატრი, იქნება ჩვენი სპექტაკლებიც ლუკა ჩხაიძისა და დათო შალიკაშვილის მიერ დადგმული. ასევე ამირან შალიკაშვილის სპექტაკლები.
ჩატარდება სამი მასტერკლასი. რომელზეც სტუდენტებისთვის დასწრება იქნება უფასო და თავისუფალი. რაც აბიტურიენტებისთვის ძალიან კარგი, რადგან ამ 10 დღეში გაიგებენ თუ რა ხელოვნებაა პანტომიმა და უფრო ადვილად მიიღებენ გადაწყვეტილებას. ფესტივალის დახურვა 22-ში მოხდება ამირან შალიკაშვილის დაჯილდოვებით. ყველა მიიღებს ამირან შალიკაშვილისგან, მისივე ხელმოწერით ამ ფესტივალის სიგელს. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო პროგრამა გამოვიდა, იმ ჯგუფებს კი რომლებსაც უარი ვუთხარით, მომავალი წლისთვის ჩავინიშნეთ და მომავალში აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას. რადგან ფესტივალი უფრო მაშტაბური იქნება. მომავალი წლისთვის ქუჩებში მსვლელობასაც ვგეგმავთ, რადგან პანტომიმა ნაწილობრივ ქუჩის ხელოვნებაა და გვინდა რომ უფრო ხმაურიანი იყოს.“
ღონისძიებები რუსთაველის N37_ში, პანტომიმის თეატრში, 20:00 დაიწყება
ავტორი: დეა თავბერიძე
მასალის გამოყენების პირობები






