„ყოველთვის ვცდილობდი არ მეთამაშა სერიალში. როცა ინსტიტუტი დავამთავრე, სერიალები ცუდ ტონად ითვლებოდა, ისევე, როგორც რეკლამა 90-იან წლებში“. - ამბობს „ჩემი ცოლის დაქალების“ ჯარისკაცად გარდასახული ზურა ინგოროყვა.
ზურა ინგოროყვა: მეცნიერები წერდნენ, რომ სერიალების ყურება ადამიანის ინტელექტზე ცუდ გავლენას ახდენს. ერთადერთი კარგი რაც სერიალებზე იმ დროიდან მახსენდება, იყო მიშა თუმანიშვილის სიტყვები, როცა ის თავის სტუდენტბს ეუბნებოდა, არტისტები კარგად თამაშობენ სერიალებში და უყურეთო. ახლა, როგორც რეკლამას, ასევე სერიალს, მაღალ დონეზე იღებენ უცხოეთში და საბედნიეროდ, ჩვენთანაც დაიწყო ეს ტენდენცია. ბევრჯერ მქონია შემოთავაზება სერიალიდან და უარი მითქვამს. „ჩემი ცოლის დაქალებში“ ჩემი მეგობრებიც არიან დაკავებულნი. ამიტომ დავთანხმდი. ვითამაშე ოთარ შამათავასთან „ფსიქოპატთა თამაშებში“. მსიამოვნებს ამ პიროვნებასთან ურთიერთობა, მუშაობა. ასევე ვმეგობრობ ლაშა ცერიაშვილთან და ვერ ვუთხარი უარი, ვითამაშე „დეტექტივებში“. უარი ვთქვი სერიალზე „ჟამი ყვავილობისა“.
– რა იყო გადამწყვეტი, როცა „ჩემი ცოლის დაქალებზე“ მიდგა საქმე?
– პირველ რიგში ლარის დევალვაცია.
– ხუმრობთ?
– არა. ძალიან დიდი კრედიტი მაქვს, ვერ ვიხდიდი. ამ დროს ამ კეთილმა ადამიანებმა დამირეკეს და მაშინვე დავთანხმდი. ორი წლის წინაც დამირეკეს ამ სერიალიდან, მაგრამ მაშინ არ შედგა ჩვენი თანამშრომლობა. მანამდე არ ვიყავი ამ სერიალის მაყურებელი. სულ სამი სერია მქონდა ნანახი, ისიც იმიტომ, რომ მინდოდა მენახა როგორ თამაშობდნენ ჩემი მეგობრები. სანამ მივიდოდი, რამდენიმე სერია კიდევ ვნახე. პატივისცემაა ელემენტარული, ინტერესიც, ხომ უნდა მოვმზადებულიყავი. სხვათა შორის, ჩამითრია. ვითომ არაფერი, თითქოს პრიმიტიულია, მაგრამ ჩამითრია. ჩემმა ოჯახმა ჩემამდე სამი თვით ადრე დაიწყო ამ სერიალის ყურება და დავცინოდი.
– ლარის დევალვაცია ახსენეთ, თუმცა ამბობენ, რომ მწირია მათი ბიუჯეტი…
– მე კმაყოფილი ვარ (იღიმება).
– რით ჰგავხართ თქვენს გმირს?
– კოტე მომწონს იმით, რომ ბევრს არ ლაპარაკობს. ჯერ ფიქრობს და მერე ამბობს. მეც ვცდილობ ცოტა ვილაპარაკო, ოღონდ კი არ ვბაძავ, ბუნებაში მაქვს მეც. ლამაზი ქალები გვიყვარს ორივეს. ნელ-ნელა დავახლოვდებით მე და კოტე, ასე ვფქრობ. ახლა ის უფრო გაწონასწორებულია, ვიდრე მე. ცოტა რთული ხასიათიც აქვს.
– ბრაზიანი თქვენც ხართ?
– არა, კოტე უფრო ბრაზიანია. ადამიანს, რომელიც ნაომარია, ორჯერ კანტუზია აქვს გადატანილი, ბრაზიც ადვილად მოსდის. თავისი მსოფლმხედველობა აქვს, უცნაურია.
წყარო: „პრაიმტაიმი“
მასალის გამოყენების პირობები






