ღონისძიება თბილისის მერიისა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით იმართება და ის 12 საათზე დაიწყება. ალექსანდრეს ბაღში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ საბერძნეთის, პოლონეთის, უნგრეთის, ლატვიის, საქართველოსა და პორტუგალიის ცეკვისა და სიმღერის ფოლკლორული ჯგუფები.
15:30 საათზე ალექსანდრეს ბაღშივე ევროპის დღის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართება, რომელზეც სიტყვით დავით ნარმანია, იანოშ ჰერმანი და სხვა ოფიციალური პირები გამოვლენ.
ოფიციალური გახსნის შემდეგ გაიმართება კონცერტი მომღერალ ბავშვთა ინკლუზიური გუნდის შესრულებით და პორტუგალიური მუსიკალური წარმოდგენა მაგდა მენდესის პროექტით - "კაზა და ბოშა". ამასთან, რეზო კიკნაძის ბენდი წარმოადგენს ჯაზურ კომპოზიციებს. დაგეგმილია, ასევე, საბავშვო გასართობი ღონისძიებებიც.
ევროპის დღე ევროკავშირის წევრ და მისი წევრობის მსურველ ქვეყნებში ყოველწლიურად აღინიშნება. საქართველოში ამ დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები 2004 წლიდან ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები






