„სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაუფარავად გაეტარებინა მხოლოდ საპატრიარქოს ინტერესი და ლგბტ აქტივისტთათვის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის დაკისრებით მოსალოდნელ ძალადობაზე აპელირებით (თითქოს იდენტობა აპირებდეს ძალადობას), რიგის სამიტის წინ მოსალოდნელი არეულობის არასასურველობის ხაზგასმით და საპატრიარქოსთვის “უფრო კონსტრუქციულის” წოდებით, ეიძულებინა ლგბტ თემი, თავადვე ეთქვათ უარი გამოხატვის თავისუფლებაზე. მიუხედავად იმისა, რომ აქციის უსაფრთხოების დაცვაზე შსს-ს პირდაპირ უარს არ აცხადებს, ისინი არც აქციის მონაწილეთა დაცვის გარანტიებს იძლევიან.
ზემოთ მოყვანილი მსჯელობა წარმოაჩენს, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, როგორც ადრე, წელსაც ყველა ზომას მიიღებს ლგბტ ადამიანთა გამოხატვის თავისუფლების აღსაკვეთად. ისინი მიზანმიმართულად გეგმავენ რამდენიმე რელიგიურ რიტუალს და ღონისძიებას სწორედ რუსთაველის გამზირზე, რათა ლგბტ აქტივისტებს აქციის გამართვის შესაძლებლობა არ მიეცეთ. მიუხედავად ამ ღონისძიებების ერთი შეხედვით მშვიდობიანი ხასიათისა, ყველასთვის, მათ შორის შსს-სთვის ცხადია, რომ ეს პირდაპირ ქმნის ძალადობის, ან უფრო მეტიც სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს.
საბოლოოდ, კომპრომისული გადაწყვეტილების – “ჰოლიდეი ინთან” საჯარო აქციის – წინასწარ დაანონსებაზე უარის თქმისკენ მოწოდებით, სახელმწიფო არა მხოლოდ ლგბტ აქტივობების პერიფერიებზე გადაადგილებას, არამედ მათი საჯაროობის მთლიანად შეზღუდვასაც კი “ურჩევდა” ლგბტ თემს. ამ ყველაფრის შედეგად, ლგბტ ადამიანებს წელსაც მოუწევთ “ოთახში შეკეტვა”, რადგან:
საქართველოში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დაცული არ არის. ლგბტ ადამიანებს ზედიზედ მეოთხე წელია არ ეძლევათ კონსტიტიური უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა.
სახელმწიფო არათუ 2013 წლის 17 მაისის მოძალადეთა ადექვატურ დასჯაზე არ იღებს პასუხისმგებლობას, არამედ წინასწარ დაანონსებული ძალადობის პრევენციაც არ შეუძლია.
სახელმწიფო დაწესებულებები ღიად და მოურიდებლად არიან დაკავშირებული მართლმადიდებელ ეკლესიასთან და 2015 წელს აღარც მალავენ, რომ ამ მოძალადედ ქცეულ ინსტიტუციას უთანხმებენ მიეცემა თუ არა რომელიმე სოციალურ ჯგუფს შეკრების თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობა.
სახელმწიფო თავს არიდებს ძალადობრივი ინსტიტუციებისა და ორგანიზაცების უკანონო ქმედებების პრევენციაზე და მათთან გაუმჭვირვალე მოლაპარაკებას აწარმოებს.
შსს-ს არ აქვს პასუხი თუ რა ლოგიკით ხდება იდენტობასა და საპატარიაქოს “დაპირისპირებულ მხარეებად” წარმოჩენა: საპატრიარქოსგან განსხვავებით, იდენტობას არასოდეს გამოუყენებია და არც მომავალში გეგმავს ძალადობას.
იდენტობა აცხადებს, რომ 2015 წელს ლგბტ თემი არათუ ვერ შეძლებს გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობას, არამედ მთელი სახელმწიფო აპარატი და მასზე შეზრდილი რელიგიური ინსტიტუცია მიზანმიმართულად, წინასწარი განზრახვითა და კოორდინაცით უზრუნველყოფენ ამ სოციალური ჯგუფის კონსტიტუციური უფლებების სამუდამოდ ჩამორთმევას.
ორგანიზაციის პოზიციაა, რომ საქართველოში თეოკრატიაა გაბატონებული და იდენტობა უარს აცხადებს დახურულ კარს მიღმა, 17 მაისის თაობაზე ხელისუფლებასთან კონსულტაციების გაგრძელებაზე. გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ ხელისუფლება უარყოფს განცხადებაში გამოთქმულ შეფასებებს. ამიტომ, ორგანიზაცია საჯაროდ მოითხოვს გამოიყოს რუსთაველის გამზირზე სივრცე, სადაც 17 მაისის უსაფრთხო და დაცულ გარემოში აღნიშვნა გახდება შესაძლებელი. მხოლოდ ეს იქნებოდა იმის ერთადერთი და უტყუარი მტკიცებულება, რომ საქართველოში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არ გაუქმებულა და რომ მართლმადიდებელი ეკლესიის ძალისხმევით, საქართველოს კონსტიტუცია ანულირებული არ არის.“- ნათქვამია „იდენტობას“ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






