„ჩემი ცოლის დაქალების“ ყველა სეზონს თავისი ფავორიტი ჰყავს, ხან ვის ამოიჩემებს მაყურებელი, ხან – ვის. ახლა დუდუს ბუმია. თავად მსახიობი ალეკო ბეგალიშვილი ასეთ აჟიოტაჟს არ მოელოდა. უფრო მეტიც „პრაიმტაიმთან“ გამოტყდა კიდეც, სიმართლე გითხრათ, „ჩემი ცოლის დაქალებს“ არ ვუყურებო.
– არ მოგწონთ ასეთი ყურადღება?
– არ ვგიჟდები... ეს ბუმი რომ 20 წლის წინ ყოფილიყო, გამიხარდებოდა. ახლა, ცოტა დაგვიანებული მგონია.
– თქვენ პერსონაჟზე დადებითი გამოხმაურებაა.
– ამას კი აქვს მნიშვნელობა.
როგორც ყველა მსახიობი ალეკოც ეკა მჟავანაძემ (ქასთინგის მენეჯერი) შესთავაზა ფორმულა „კრეატივს“.
ალეკო ბეგალიშვილი:
– კასტინგზე უნდა მოხვიდეო, ეკამ მითხრა, „ჩემი ცოლის დაქალები“ რომ გავიგე, აუ, არ მინდა-მეთქი, ეკას ვუთხარი. ჩემთან სახლში ყველა უყურებს. მერე რომ შევხედე, ცუდი არ ყოფილა.
– ქართველ მსახიობებს კასტინგზე სიარული არ გიყვართ.
– მით უმეტეს წლებში როდესაც ხარ. მერე მითხრა, კარგი, რა კასტინგი, ისე მოდიო. მივედი და იქაც წუწუნი დავიწყე, არ მინდა, ამ წვერს ვერ გავიპარსავ-მეთქი. სერიალ „ტიფლისში“ მიღებდნენ და წვერი მჭირდებოდა. მოკლედ, დაწყნარდი, უნდა იყოო, მითხრეს და დამტოვეს.
– რატომ დაინახეს დუდუს ტიპაჟი თქვენში, როგორ ფიქრობთ? მით უმეტეს ამბობთ, რომ ამ პერსონაჟთან არანაირი საერთო არ გაქვთ.
– არ ვიცი. ვერ გეტყვით. ალბათ, ვიზუალი. ეკა, როგორც მსახიობს, მიცნობს. სპექტაკლებზე ხშირად მოდის.
– დუდუს ტიპაჟთან მიახლოებული ტიპაჟი სპექტაკლში გითამაშიათ?
– ნათამაშები მაქვს ტირანი მეფე „მაკბეტში“, „ანტიგონეში“ კრეონიც ვითამაშე. ძალაუფლების მოყვარული გმირები შესრულებული მაქვს.
– და მაინც, რას იტყვით დუდუზე?
– პირველი სცენების გადაღებისას (ტელეფონზე საუბრისას) არც ვიცოდი დუდუს გარშემო რა ხდებოდა. კაფეში მაკას და დუდუს შეხვედრის კადრს ირაკლი საღინაძე იღებდა. ვიკითხე, მითხარით, ვინ არის ეს კაცი ბოლოს და ბოლოს, ვიცოდე, საით წავიდე-მეთქი? მაშინ მითხრა ირაკლიმ – უშიშროების თანამშრომელი ხარო. მოვტვინე, რა ტიპი უნდა ყოფილიყო. საშიში, იდუმალი ბიძიაა. კომუნისტების დროიდან დაწყებული 90-იან წლებამდე ამგვარ ტიპებს არ ვუყურებდი? ურთიერთობაც მქონია.
– რა შტრიხი წამოიღეთ?
– სიმშვიდის შენარჩუნება. რაც არ უნდა ნერვი აუტოკდეს, სიმშვიდეს თამაშობს. მაგათი კოზირი ეგაა. მაგით გთრგუნავენ, ბოლომდე სიცივით და სიმშვიდით.
– ოჯახში როგორ აფასებენ დუდუს?
– ქალიშვილი დამცინის, სპაიდერმენი ხარო. დუდუს აირონ მენის კოსტიუმი ჩააცვეს. შიშიველ ქალს ჩემი ორი თავი ჰქონდა აქეთ-იქით და დუდუებიო, ეწერა. კაიფობენ ეგეთ რამებზე. მოკლედ, მოწყენილ ტიპს გასართობი პონტი რომ გაეჩითება, ერს დუდუს სახით ეგ გაეჩითა.
– არ ელოდით ასეთ რეზონანს?
– არანაირად. უკეთესადაც შეიძლებოდა.
– რას აკლებთ?
– სანამ აზრზე მოვედი ვინ იყო, პირველ სცენებში საკუთარი ხმაც მაღიზიანებდა. ბოლო სცენებში ჰა და ჰა, წავა.
– კრიტიკული ხართ?
– საკუთარი თავის მიმართ იმდენად კრიტიკული ვარ, რომ „იზმენა“ და შიში მაქვს ხოლმე. ცუდად ვაკეთებ მგონია.
– მსახიობობის ამდენწლიანი გამოცდილების შემდეგაც?
– დიახ. ეს გრძნობა ბოლომდე გამყვება. სცენაზეც ასე ვარ. ეკრანზე ჩემი ხმა მაღიზიანებს. სხვანაირი ხმა ისმის, თითქოს მოდუნებული მეტყველება მაქვს. სერიალს თუ ვუყურე და რაღაც გამაღიზიანებს, გადავრთავ. ჩაჯდომით არ მინახავს. „ტიფლისში“ მაგრად გამისწორდა ჩემი პერსონაჟის თამაში. მიშო ძია, ჩემს ტიპაჟთან ახლოსაა. შინაგანად უფრო ეგეთი ტიპი ვარ, ვიდრე დუდუ. ის მალე ავიტაცე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დუდუ ცუდია. ნელ-ნელა მუღამი დავიჭირე. თუმცა დუდუსნაირი ტიპები არ მიტაცებენ. ტიპები, რომლებიც ყველაფერს აგვარებენ, ასე მგონია, საშიში ტიპები არიან.
– დუდუსნაირად ვინმეს დახმარებიხართ?
– ჯიგრულ პონტში დავხმარებივარ, მაგრამ ჩემი გავლენით და მოგვარებით არა, ეგეთი ავტორიტეტი ტიპი არასდროს ვყოფილვარ. გავყოლილვარ, მაგრამ მე რომ მეყოჩა, მსგავსი არ ყოფილა. მე პაფიციფიზმისკენ მიდრეკილი ტიპი ვარ. ჰიპური მოძრაობები მევასება.
– ბოჰემა?
– ეგ თავისთავად. ამას ჩემი პროფესიაც შეიცავს და მე ეს გენშიც მაქვს.
– ხელს არ გიშლით?
– ბევრ რამეში მიშლის, საქმეში შეუშლია. საქმე გვერდზე გადამიდია და მეგობარს კარგ პონტში გავყოლივარ. მაგრამ არც მთლად ბოლომდე დამიკიდებია ყველაფერი.
– რეპეტიციაზე ამის გამო დაგიგვიანიათ?
– არ გამიცდენია, რო? ეს ადრე ყოფილა. ახლა იმდენად აღარ. ამას დოისთან ვერ გავაკეთებ. წლები რომ გემატება, რაღაცებს ხარშავ, მაგრამ თავს ბოლომდე მაინც ვერ ვანებებ. წუხელ ძმაკაცები შევიკრიბეთ, გიტარები შევაერთეთ და დავუკარით, დავლიეთ და დილის 4 საათზე დავიშალეთ.
– რას უკრავთ?
– ხან რას, ხან – რას, ვერთობით. ბლუზი გვიყვარს. ხან უცებ მოფიქრებულ თემაზე იმპროვიზაცია დაგვიკრავს.
– ბოჰემის გამო გინანიათ?
– არაფერი არ მინანია. რაც უნდა მოხდეს, მაინც ისე მოხდება. ამიტომ ტყუილად ნერვიულობა არ ღირს.
მასალის გამოყენების პირობები






