შუახევის კლინიკაში მამაკაცის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით "სამედიცინო კორპორაცია ევექსი" განცხადებას ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, პაციენტს ყველა რეანიმაციული ღონისძიება ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
"კორპორაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილ დავით დავითაძის ოჯახს უსამძიმრებს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით მიმდინარეობს მოკვლევა და ჩატარებული ექსპერტიზის საბოლოო პასუხები ცნობილი არ არის, შუახევში მომხდარ კრიმინალურ შემთხვევასთან დაკავშირებით, განსხვავებული და დაუსაბუთებელი განცხადებები კეთდება, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე საჭიროდ მივიჩნევთ გავაკეთოთ მცირე განმარტება - გუშინ, 3 მაისს, 18:50 საათზე, შუახევის სამედიცინო დაწესებულებაში თვითდინებით არასპეციალიზირებული ავტომანქანით, ერთდროულად მოყვანილი იქნა სამი დაჭრილი პირი, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაცვლილი დავით დავითაძე გამოხატული სისხლდენის ფონზე, განვითარებული შოკით იმყოფებოდა განსაკუთრებით მძიმე, უგონო მდგომარეობაში, სასიცოცხლო პარამეტრების დაბალი მაჩვენებლებით.
დაშავებულების კლინიკაში შემოსვლისთანავე ადგილზე მყოფი ექიმ-სპეციალისტების მიერ დაიწყო წინასაოპერაციო მომზადება, პაციენტს აღენიშნებოდა 2,3 სანტიმეტრიანი გამჭოლი ჭრილობა მუცლის წინა კედელზე, მუცლის ღრუში ჩაღვრილი იყო 3 ლიტრამდე სისხლი. პირველადი დიაგნოზით დაზიანებული იყო ღვიძლის მაგისტრალური სისხლძარღვი. პაციენტმა საოპერაციო ბლოკში გააჩერა გული, მიუხედავად განხორციელებული ყველა რეანიმაციული ღონისძიებისა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დანარჩენი ორი დაშავებულის მდგომარება ამ დროისათვის სტაბილურია და მათგან ერთ-ერთი ამ დრომდე შუახევის რაიონულ ჰოსპიტალში მკურნალობას აგრძელებს.
მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დაწყებულია მოკვლევა, სამედიცინო დოკუმენტაცია გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში და უახლოეს დღეებში გარდაცვლილის შესახებ გამოიცემა ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომელიც ნათელს მოჰფენს მომხდარ კრიმინალურ შემთხვევას და გასცემს მთავარ შეკითხვას პასუხს: ჰქონდა თუ არა პაციენტს, სიცოხლესთან შეუთავსებელი დაზიანება მიღებული", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, შუახევის საავადმყოფოში 25 წლის მამაკაცი მყენებული ჭრილობების შდეგეად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ექიმების არ ყოფნა გახდა. როგორც ცნობილია, ადგილზე არ იმყოფებოდნენ ანესთეზიოლოგი და ქირურგი. ექიმების არყოფნის მიზეზად ხელფასის გაუცემლობა სახელდება.
ახალგაზრდის დაღუპვის ფაქტზე პასუხისმგებლობას უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ჯემალ ფუტკარაძე სახელმწიფოსა და „ევექსს“ აკისრებს.
„27 აპრილიდან სამედიცინო კორპორაცია „ევექსმა“ შემოიღო რეფერირების ახალი სისტემა და აჭარის მაღალმთიანეთის სამ მუნიციპალიტეტში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სერვისების განხორციელებაზე უარი თქვა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ პირველივე დღიდან გვქონდა ძალიან მკაცრი გამოხმაურება, საგანგებო რეჟიმში ჩავატარეთ უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის გაფართოებული სხდომა, მოვიწვიეთ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, მოადგილესთან ერთად და ვკითხეთ როგორი იყო მათი ხედვა ამ პრობლემაზე. ჩვენ ვთვლიდით, რომ ეს იქნებოდა დამღუპველი და სავალალო შედეგს გამოიწვევდა“, - ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ფუტკარაძე.
მასალის გამოყენების პირობები






