შენობაში შესულმა თავდაპირველად სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული მოვიკითხე და შენობის მეორე სართულზე ავედი. პირველის ნახევარზე რწმუნებულის სამოშაო კაბინეტი დაკეტილი დახვდა, რამდენიმე ოთახი ცარიელი იყო, ხოლო დარბაზში, სადაც სავარაუდოდ ადგილობრივები იკრიბებიან, რამდენიმე ძველი და მორყეული სკამი დევს. კომფორტული და კარგი სუტუაცია სუფევს სოფლის ბიბლიოთეკაში, ეტყობა რომ აქ ყველაფერს კარგად უვლიან და უფთხილდებიან. აქ ახალგაზდებს კომპიუტერითა და ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ, როგორც თავად აცხადებენ, ეს მათთვის, როგორც გასართობი და ინფორმაციული თვალსაზრისით ერთადერთი და საუკეთესო საშუალებაა.
სოფლის ცენტრში ე. წ „ბირჟაზე“ ადგილობრივი უხუცესები შეკრებილან. რა შეიცვალა ახალი ხელისუფლების შემდეგ ხიდისთავში? რა მოლოდინები ჰქონდათ ადგილობრივ მცხოვრებლებს და აუსრულდათ თუ არა მათ „ოცნებები“? ამ კითხვაზე პასუხის საპოვნელად სწორედ სოფლის „ბირჟაზე“ მივდივართ.
ტარიელ კილასონიას ხიდისთავში ყველა იცნობს. სოფლის კოლორიტი იმ პერიოდს იხსენებს, როცა ხიდისთავში ყველაფერი ყვაოდა. ამბობს, რომ სოფელში ახლა ყველაფერი ჩამკვდარია და მოსახლეობისაგან იცლება.
„ჩვენი სოფელი მოწინავე სოფელი იყო, მაგრამ ახლა ყველაფერი ჩამკვდარია, არც არაფერი ხდება. ჩვენი ოცნება ისეთი იყო, ვერ ასრულდებოდა. ზოგი ბევრს ითხოვს, ზოგი ცოტას, მაგრამ არსებობისთვის ელემენტარული პირობები უნდა შეექმნა ხელისუფლებას. ყველა ხელისუფლება გვატყუებს, ერთი იყო და დაგვაქცია, მეორე მოვიდა და კი ხედავთ, რაფერ დღეში ვართ. „ნაციონალები“ ხელს უშლის ამ ხელისუფლებას. გაქანებული ნაციონალები აგერ ზიან საკრებულოში. მინისტრებმა შეჭამეს თანხები, მერე ზოგი გახდა ავად, ზოგს მოენატრათ ქალი, ბაღნები და გადადგენ. შენ ოჯხაშენებულო, მაი არ იცოდი ქალი და ბაღანე, რომ მოგენატრებოდა? დაუსჯელობის სინდრომია საქართველოში დღეს. თუ არ დასჯი დამნაშავე ადამიანებს, ვერც მომავალ თაობას აღზრდი სწორად. ჩვენი მოლოდინი იყო, რომ ივანიშვილის მოსვლის შემდეგ საარსებო პირობები გაუმჯობესდებოდა. ათ ლარს მოგიმატებთ პენსიაზეო ამბობენ და რატომ არ რცხვენიათ? რა უნდა ვიყიდოთ ამ პენსიით? ხალხს სხვა შემოსავალი არ აქვთ და პენსიას ელოდება თვიდან თვემდე. ლარის კურსი დაცემულია და ლარის კურსზე უარეს დღეში ვართ ჩვენ. პრემიებს რომ იწერენ წელიწადში სამჯერ და ხალხი შიმშილით იხოცება არ რცხვენიათ? დაიცალა სოფელი. აქ რომ გაჩერდე, ვერ იარსებებ. თუ ასე გაგრძელდა, სოფელი კი არა, ეს ქვეყანა დაიქცევა“ - გვითხრა ტარიელ კილასონიამ, რომელსაც სხვებიც ეთანხმებიან.
„ეკონომიურად ძალიან გვიჭირს. ბავშვებს ვზრდი, რომელსაც დედა არ ჰყავს სახლში და ძირითადად თავს მაღაზიებიდან ნისიად წამოღებული პროდუქტებით ვირჩენთ. უმძიმეს მდგომარეობაში ვცხოვრობთ, სკამზე რომ დაჯდეთ წაიქცევით, სოციალური აგენტი მოვიდა, შემამოწმა და ძალიან მაღალი ქულა მომანიჭეს. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ „ოცნების“ ხელისუფლების იმედი დავკარგე. ვისაც აუსრულდა ოცნებები, ღმერთმა ხელი მოუმართოს. პოლიტიკაში არ ვერევი, მაგრამ, კი მაინტერესებს სად წავიდა ის დაპირებები, რაც ამ ხელისუფლებისგან მივიღეთ “? -ამბობს სოფელ ხიდისთავში მცხოვრები, თინა კალანდაძე.
სოფელ ხიდისთავში მცხოვრები შოთა კალანდაძე კი იმაზე წუხს, რომ წლების წინ აშენებული კულტურის სახლი მათვის გაურკვეველ ვითარებაში დაშალეს. მის ადგილას დაწყებული ეკლესიის მშენებლობა კი, ფინანსების არქონის გამო შეჩერებულია.
„ახალგაზრდობაა უმუშევარი და უსაქმოდ. ჩვენი ასაკის ხალხს ვინ დაგვასაქმებს? დიდი მოლოდინები გვქონდა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მართლდება. საჭმელი არ გვაქვს და სასმელი. სოფელში ეკონომიურად ძალიან სუსტადაა ხალხი. სოფლის პროგრამის ფარგლებით რაც იყო გათვალისწინებული ის გააკეთეს. სოფელში გვქონდა კულტურის სახლი, სადაც მრავალი სასახელო ადამიანი აღიზარდა. შენობა დაანგრიეს და სად წაიღეს არაფერი არ ვიცით. იმ ადგილას დაიწყეს ეკლესიის მშენებლობა და ახლა შეჩერებულია, ფინანსები არ არისო. თუ ეკლესიის აშენება სურდათ, იქ სხვა ადგილიც იყო. ხალხის შემწეობით აშენებულ შენობას რას ერჩედნენ ვერ გავიგეთ. ახლა აღარც ეკლესია გვაქვს და აღარც კულტურის სახლი“. - გვითხრა ხიდისთავში მცხოვრებმა, შოთა კალანდაძემ.
ადგილობრივი თამაზ ლომთათიძე უკვე მესამე წელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სავარძელს ითხოვს. ამბობს, რომ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ყურადღება არავის მოუქცევია.
„35 წელია ხერხემალში გაწყვეტილი ვარ და ვერ ვმოძრაობ. მეუღლე ინსულტიანია. დახმარებას ვღებულობდი 45 ლარს და შემიწყვიტეს, ახლობელმა სამას ლარიანი მანქანა მაჩუქა და ესაა მიზეზიო. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანი ამ მანქანით გამოვდივარ და ვტაქსაობს, საღამოს სახლში პური რომ მივიტანო. ორი წელია დახმარება შეწყვეტილი მაქვს, აქ დგომით მხოლოდ ხუთ ლარს ვშოულობ და ეს გამდიდრებას ნიშნავს?! რამდენჯერმე მივმართე ხელისუფლებას და ყურადღება არავის მოუქცევია. მესამე წელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სავარძელს ვითხოვ“. - გვიყვება ლომთათიძე.
მასალის გამოყენების პირობები






