დღეს საქართველო მსოფლიო სიცილის დღეს უერთდება. ამ დღეს თბილისი კარნავალით და ორიგინალური სიახლით ხვდება. კარნავალზე ფულს სიცილი ჩაანაცვლებს. სიცილის საფასურად ტკბილეულსა და სხვადასხვა საკარნავალო აქსესუარებს შეიძენთ. კოსტიუმირებული მსვლელობა რუსთაველის გამზირზე 14:00 დაიწყება.
ამ დღეს სპეციალურად ინდოეთიდან „სიცილის მეფედ“ წოდებული მაგნო შავდია ესტუმრა. მაგნოს უცხოეთში ხშირად იწვევენ სიცილის ტრენინგების ჩასატარებლად. სიცილის კარნავალი საქართველოში მაგნო შავდიამ და ჟურნალისტმა დეა თავბერიძემ დააფუძნეს. დღეს ისინი 100 პოზიტივთან ერთად იზრუნებენ ხალხის პოზიტიურ განწყობაზე.
„ჩვენ გადავწყვიტეთ ქვეყანაში გამეფებული ნეგატივი პოზიტივით ჩავანაცვლოთ და თბილისს სიხალისისა და მხიარულების დღე მოუწყოთ. ჯანსაღი სიცილი , ხომ საუკეთესო მკურნალია, მოდით ვიცინოთ, ვიხალისოთ, ვიმხიარულოთ და ყველანი ერთად განვიკურნოთ“- აცხადებენ სიცილის კარნავალის დამფუძნებლები საქართველოში.

თაკო ფხაკაძე, „პრაიმტაიმის“ დამფუძნებელი: „სიცილს აქვს გამაერთიანებელი პოზიტიური ენერგია, ამ დღის მნიშვნელობაც ეს არის, რომ სიცილის პოზიტიურმა ენერგიამ ჩაანაცვლოს საზოგადოებაში მოზღავებული ნეგატიური ენერგია და ოპტიმისტური განწყობა შეიტანოს ხალხში“.
გურამ ადამაშვილი: „ეს დღე უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის, რადგან საზოგადოებაში დღეს ნაკლებად შეინიშნება დადებითი განწყობა და აუცილებელია ასეთი ღონისძიება იმისთვის რომ საზოგადოებას მიეცეს ბიძგი იყვნენ პოზიტიურები. პოზიტივი ნიშნავს ზოგადად სამომავლო ბედნიერებას ეს კი ჩვენ აუცილებლად გვჭირდება, თუნდაც იმისთვის რომ ერთმანეთს გადავდოთ დადებითი განწყობა.
ქეთი ხოსიტაშვილი, საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი „კვირას“ დამფუძნებელი: „მე და ჩემი პორტალი სიხარულით შევუერთდით ამ დღესასწაულს. ჩვენს ქვეყანას აკლია პოზიტივი და ვთვლი რომ ასეთი დღის დაწესება იმისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ მეტი სიხალისე შევიტანოთ ჩვენს ცხოვრებაში.
მედიის წარმომადგენლებისთვისაც ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ უფრო ხშირად გვიწევს ნეგატიური ინფორმაციის გაშუქება. გარდა იმისა რომ სიცილის დღე დაწესდება ჩევნს ქვეყანაში კარგი იქნება ასეთი ტრადიცია შემოვიღოთ -იყოს ერთი დღე, ან თუნდაც ამ დღეს დაემთხვეს როცა მედია მხოლოდ პოზიტიურ ნიუსებს გააშუქებს“.
ანა კობაიძე, საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ რედაქტორი: „ჩვენ ყველას გვესმის, რომ დღეს საქართველოში საკმაოდ მძიმე სოციოლურ-ეკონომიკური ფონია, მოსახლეობის დიდ ნაწილს ფინანსურ პრობლემებთან უწევს გამკლავება, მაგრამ თუ არ იქნება პოზიტივი, და დადებითი განწყობა ვერცერთი პრობლემა ვერ გადაილახება, სწორედ ამიტომ სიცილის კარნავალი დროული მიგნებაა ნეგატივის დასაძლევად. ვიმედოვნებთ რომ 3 მაისი ინოვაციური დღე იქნება ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში რომელიც შემოიტანს დიდ პოზიტივს, ბევრ სიხარულს და დაუვიწყარ დადებით განწყობას. როგორც ცნობილია მსოფლიო უკვე მრავალი წელია ამ დღესასწაულს აღნიშნავს, საქართველო ამ აქცისის თანამონაწილე წელს პირველად ხდება. საასიამოვნოა რომ სიცილის დღე, კარნავალის სახით მკვიდრდება საქართველოში. ნიუპოსტის სახელით მინდა მოვუწოდო საზოგადოებას , ნუ დარჩებით ამ დღეს სახლში, გაიუმჯობესეთ განწყობა, ერთად მივიღოთ მონაწილეობა სიცილის კარნავალის დამკვიდრებაში“.

სიცილის კარნავალის საინფორმაციო მხარდამჭერები:
გაზეთი „პრაიმტაიმი“ , საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტი“, საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი „კვირა“, საიფორმაციო სააგენტოები: „პირველი“, „რეპორტიორი“, „ნიუსპრესი“, „tvfree”, ინტერნეტ ჟურნალი „ჟოლო“. რადიო „მაესტრო“, „gnnews.ge“, სატელევიზიო არხი Miusic Box.
მასალის გამოყენების პირობები






