ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებში მონიტორინგის პროცესს იწყებს.
ამის შესახებ ინფორმაციას დავით სრეგეენკოს უწყება ავრცელებს.
„სამედიცინო კორპორაცია "ევექსის" მიერ, შემოღებულმა ახალმა რეფერირების სისტემამ, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის #36-ე დადგენილების ფარგლებში სერვისების გადაწყობას ითვალისწინებს, ზოგიერთ შემთხვევაში კითხვები გააჩინა პაციენტთა შორის. კერძოდ, აჭარის მაღალმთიან რაიონებში დაბნეულობა გამოიწვია შეთავაზებამ, რეფერირების ფარგლებში, უფრო მაღალი მომსახურების მიღების მიზნით, პაციენტთა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ. გარდა ამისა, მედია-საშუალებებთან პაციენტთა ნაწილი აცხადებს, რომ მათ კლინიკაში მკურნალობის ანაზღაურება მოსთხოვეს. ჯანდაცვის სამინისტროსთვის მსგავსი ფაქტების შესახებ არავის უცნობებია.
კომპანია „ევექსი“ სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით აგრძელებს საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციართა მომსახურებას. კლინიკები ვალდებულნი არიან, 7 წლის ვადით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისები შესთავაზოს ადგილობრივ მოსახლეობას. ამ ეტაპზე, „ევექსი“ საყოველთაო ჯანდაცვის არცერთი კომპონენტის დატოვებას არ გეგმავს. გაგრძელდება როგორც ამბულატორიული,ისე სტაციონარული მომსახურება. სავარაუდოდ, გაუგებრობა ადგილობრივ დონეზე სერვისების გადაწყობის წარუმატებელმა მცდელობამ გამოიწვია. იმისთვის რომ გადამოწმდეს-რეალურად ჰქონდა თუ არა ადგილი ბენეფიციარების მხრიდან მომსახურებაში თანხის გადახდას,ასევე იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი და დაცული იყოს პაციენტების უფლებები და მათი სამედიცინო მომსახურების ხარისხი, ჯანდაცვის სამინისტრო იწყებს მონიტორინგის პროცესს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებში. თავდაპირველად, მონიტორინგი აჭარის რეგიონიდან დაიწყება და ის უწყვეტად გაგრძელდება სხვა რეგიონებში.
სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგი 2015 წლის 4 მაისიდან დაიწყება.
ასევე ვაზუსტებთ,რომ საერთოდ არ განიხილება აჭარაში კორპორაცია „ევექსის“ სხვა კომპანიით ჩანაცვლების საკითხი“, - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






