განათლების სამინისტროს მიერ შარშან ზემოთაღნიშნული სკოლის რემონტისთვის 13, 600 ლარი გამოიყო, ამ თანხის ფარგლებში ერთი კედლის გამაგრება მოხდა, რომელსაც, როგორც ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრში გვითხრეს, სერიოზული ბზარი ჰქონდა. რაც შეეხება ავარიული ჭერის შეკეთებას, როგორც რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ნინო ჩიტიძე გევუბნება, ამისთვის თანხა 2012 წელს იყო გამოყოფილი.
"გასულ წელს შუხუთის სკოლის ერთი კედლის გამაგრებისთვის, რომელსაც ბზარი ჰქონდა, განათლების სამინისტროს მიერ გამოიყო 13 ათას 600 ლარი და გარკვეული სამუშაოები ჩატარდა. რაც შეეხება ჭერს, მისი შეკეთება 2012 წელს მოხდა", - ამბობს ჩიტიძე.
მიუხედავად იმისა, რომ სკოლის მოსწავლეების უსაფრთხოების მიზნით და შუხუთის სკოლის შერემონტებისთვის ახალმა ხელისუფლებამ ბოლო ორი წლის განმავლობაში ორჯერ გარკვეული თანხა გამოყო და იქ გარკვეული სამუშაოები ჩატარდა, სასწავლო ნაწილის გამგე მომხდარში მაინც წინა ხელისუფლებას და ყოფილ პრეზიდენტს ადანაშაულებს.
"ამ მთავრობას ნუ დააბრალებთ რაც მოხდა, მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა, რომ შენობა ასეთ დღეშია, თავის დროზე რომ მიექციათ სკოლისთვის ყურადღება, ასე ავარიულ მდგომარეობაში არ იქნებოდა ახლა", -ასე შეაფასა "ნიუპოსტთან" სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე, ცირა იმნაიშვილმა დღეს მომხდარი ფაქტი, როცა სკოლის ფანჯრის რაფიდან ჩამოვარდნილი ბათქაში თავზე მეთორმეტე კლასელ გოგონას დაეცა.
რაც შეეხება პედაგოგებს ისინი ამბობენ, რომ ყოველდღე შიშით უწევთ გაკვეთილების ჩატარება, გამომდინარე იქედან, რომ ჭერი ავარიულია და სასწავლო პროცესის დროს ბათქაშის ჩამოვარდნის პირველი შემთხვევა არ არის.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, ჭერიდან ჩამოვარდნილი ბათქაში თავზე სკოლის მოსწავლეს დაეცა და მას თავზე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
მასალის გამოყენების პირობები






